WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ზეიმი დაიწყო. უკვე მერვედ მსოფლიოს წამყვანი შემსრულებლები კლასიკური მუსიკის შედევრების ასაჟღერებლად შეიკრიბნენ ჯადოსნურ გარემოში. უკვე მერვე წელია კომპანია სილქნეტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენის – წინანდლის ფესტივალის – წარმდგენია. წლევანდელი სეზონი 23 კონცერტს მოიცავს და 10 დღე გაგრძელდება.

გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი:

“მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. ტრადიციულად, ჩვენ გვერდითაა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, ლიზა ბათიაშვილი და არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს მრავალი შესანიშნავი კონცერტი და შთამბეჭდავი ღონისძიება ელოდება. წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ თარიღს და ჩვენც მივუძღვნით განსაკუთრებულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, რომ სტუმრები ფესტივალის თითოეული დღით ისიამოვნებენ.

ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც შევეხები: შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაში გადადის. ფესტივალის ტერიტორიაზე, სასტუმროს უკან აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი.

წინანდლის მამულის განვითარების გენერალურ გეგმაზე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, კომპანიის Kengo Kuma & Associates ვიცე პრეზიდენტი იუკი იკეგუჩი და მათი დიდი ხნის პარტნიორი, ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი მუშაობენ. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება.”

ერკინ ტატიშევი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი:

“წინანდლის ფესტივალი მართლაც უნიკალურია. ამას განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ, რადგან წინანდლის მამულის ისტორია კარგად ვიცით და გვესმის, რამდენად უნიკალურია ეს მამული, საქართველო, კახეთი. აქ, წინანდლის ფესტივალზე, ადამიანებს შორის ერთიანობის, მეგობრობის და სიყვარულის გამორჩეული განცდაა. ვფიქრობ, ეს რაღაც ძალიან ქართულია — მუსიკოსები, მხარდამჭერები, მსმენელები, ყველა ერთად, თითქოს ერთი მთლიანის ნაწილია.

წელს პროგრამაში ბევრი სიახლე გვაქვს — ის უფრო კომპლექსური, მრავალფეროვანი და საინტერესოა. წელს ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობა უფრო გამოცდილია და ჩვენც მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა. სწორედ ამიტომ, ფესტივალიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება.”

ფესტივალის პირველ დღეს სცენა დაეთმო მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს და პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. შესრულდა პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუტა შეჰერეზადა. წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის პირველი გამოსვლა 2026 წლის სეზონზე ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

ლიზა ბათიაშვილი, მევიოლინე:

„წელს პირველი კონცერტი მქონდა პან-კავკასიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად, რომელიც უდიდესი დირიჟორი და მასწავლებელია. ახალგაზრდული ორკესტრი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. წინანდალში ყოველ წელს ჩამოდიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც აქ ბევრ რამეს სწავლობენ და უდიდეს გამოცდილებას იღებენ. მიმაჩნია, რომ კლასიკური მუსიკა ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „სილქნეტი“ და სხვა სპონსორები გვაძლევენ შესაძლებლობას, ასეთი განსაკუთრებული დღეები ვაჩუქოთ საქართველოს. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ასეთ ჯადოსნურ დღეებს გვჩუქნიან ჩვენ, მუსიკოსებს, და ჩვენთან ერთად, მსმენელსაც.“

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს დაარსდა. ახალგაზრდა მუსიკოსებისს შერჩევა ყოველწლიურად მეზობელი ქვეყნებიდან კონკურსის საფუძველზე ხდება. წელს ორკესტრში გაერთიანდნენ ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. 2026 წლის სეზონზე ორკესტრი 4 კონცერტს შეასრულებს.

3 იდან 13 სექტემბერამდე, წინანდლის ფესტივალი მსმენელს 23 გამორჩეულ დღის და საღამოს კონცერტს შესთავაზებს. წლევანდელი ფესტივალი უპრეცედენტოდ მასშტაბურია. მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია უცხოელი სტუმრებისა და ქართველი შემრულებლების რაოდენობა მრავალფეროვან საფესტივალო პროგრამაში.

(R)