„სინდისის პატიმრისა“ და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა „TV პირველი“ დააჯარიმა

1 hour ago 1

კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია „TV პირველი“ სამართალდამრღვევად ცნო ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „სინდისის პატიმრები“,  „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოცნების გამოძიება“, „ოლიგარქი“, „სინდისის პატიმრები“, „არარსებული დანაშაული“ და ა.შ.

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“, - აცხადებენ კომისიას.

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კომუნიკაციების კომისიაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს. მისი თქმით, საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული ტერმინები, რომელსაც ჟურნალისტები იყენებენ, საერთაშორისო დონეზეა დამკვიდრებული.

მათ უნდათ, რომ სამაუწყებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი „სინდისის პატიმარი“. თუ ეს პრობლემა ასე ადარდებს „ქართულ ოცნებას“, გაათვისუფლონ ეს ადამიანები და შესაბამისად, ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური. ცენზურის დაწესებით ეს საკითხი ვერ გაქრება“, - უთხრა მელაძემ რადიო თავისუფლებას.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ 21 მაისს ტელეკომპანია „ფორმულის“ შემთხვევაში. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელეარხს, "ოცნების" შსს, "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, პროსამთავრობო "რუსთავი 2" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:

  • აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;
  • სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;
  • გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.
სრულად წაკითხვა