სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია ექვსი პრეტენდენტიდან

5 days ago 2

დღეს, 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც სინოდის წევრებმა ექვსი პრეტენდენტიდან პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე განაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კანდიდატთა შორის იყვნენ, აგრეთვე: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

სამი კანდიდატიდან საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ფარული ხმის მიცემით აირჩევენ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.

ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ მონაწილეობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, გვიან საღამოს გარდაიცვალა, 93 წლის ასაკში. იგი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

დაკავშირებულ თემაზე: „საქართველო, მიყვარხარ!“ – ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს

სრულად წაკითხვა