სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი

1 week ago 5

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი. თავად მან სამშაბათს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე 1 მარტამდე დარჩება.

Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია ალ-ბაშირის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, აღნიშნავს ტელეარხი Current Time.

ასადის მოწინააღმდეგე ძალების ელვისებური შეტევის დაწყებამდე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ სირიაში ხელისუფლების შეცვლით დასრულდა, ალ-ბაშირი ხელმძღვანელობდა მეამბოხე „სირიის ხსნის მთავრობას“. ეს სტრუქტურა აკონტროლებდა ტერიტორიებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციის ჩათვლით.

ალ-ბაშირს ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჯგუფის, „ჰაიათ ტაჰირ ალ-შამის“ ლიდერის, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ახლო თანამოაზრეს. „ჰაიათ ტაჰირ ალ-შამის“ ცნობებში მოიხსენიებდნენ ძალად, რომელიც ასადის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები 27 ნოემბერს გააქტიურდნენ. რამდენიმე დღეში მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკი მათი კონტროლის ქვეშ მოექცა. სირიის პრეზიდენტი ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები პირობას დებენ, რომ ახალ მათვრობას არჩევნების გზით ჩამოაყალიბებენ.

2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. რუსეთის სამხედროები ამ ომში 2015 წლიდან მონაწილეობენ პრეზიდენტ ასადის მხარეს, ბომბავენ მისი მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ასევე მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დაქირავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“.

სრულად წაკითხვა