სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - აირჩიეს ახალი პაპი

18 hours ago 2

8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი პაპი აირჩია.

თეთრი კვამლით აჩვენებენ, რომ 133 კარდინალისაგან შემდგარმა კოლეგიის ორმა მესამედმა მაინც მხარი ერთ კანდიდატს დაუჭირა და რომის 267-ე პაპის ვინაობა განსაზღვრა.

პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს უახლოეს საათებში გამოაცხადებენ ფრაზით: Habeus Papam - გვყავს პაპი.

კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა. პირველი კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა - კვამლი შავი იყო.

კონკლავმა პაპი მეოთხე სესიაზე აირჩია.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.

სრულად წაკითხვა