7 მაისს სიქსტის კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ახალი პაპის ასარჩევად პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა. ვატიკანში შეკრებილი კარდინალები გააგრძელებენ პროცესს, ვიდრე ახალ პაპს არ გამოავლენენ. მათ ფიცი აქვთ დადებული, რომ კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევამდე საიდუმლოდ შეინახავენ პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. კონკლავში შემავალ კარდინალებს ეკრძალებათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა. ახალი პაპის არჩევისთვის დრო განსაზღვრული არ არის. ცნობილია, რომ პაპ ფრანცისკესა და პაპ ბენედიქტე XVI-ის არჩევას ორ-ორი დღე დასჭირდა.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.