„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძე განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის შეტანას აპირებენ.
მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ მიწოდებას, ასე რომ ვთქვათ“ – ამბობს ალექსანდრე წულაძე.
ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს.
შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის, – ამბობს წულაძე.
მან ასევე განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ახალი ხედვის ლაბორატორიებით აღჭურვა იგეგმება.
ამავე შეხვედრაზე წულაძემ ახსენა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, სადაც ასევე დაგეგმილია ცვლილებები.