სლოვაკეთი კვლავ იღებს ნავთობს მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით, მას მერე, რაც ნავთობის გადაქაჩვაში პრობლემები გაჩნდა უკრაინის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა. უწყებას დეტალებზე არ უსაუბრია.
გუშინ საღამოს უნგრეთმაც გამოაცხადა „დრუჟბის“ მეშვეობით ნედლი ნავთობის მიწოდების აღდგენის შესახებ. ქვეყნის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, პაველ სოროკინს და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა თავს შეიკავებს მილსადენზე შემდგომი დარტყმებისგან. „ეს ჩვენი ომი არ არის“, ხაზგასმით აღნიშნა სიიარტომ.
„დრუჟბა“ რუსული ნედლი პროდუქციით ამარაგებს ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანას. მისი მთავარი მილსადენის მეშვეობით ნავთობის გადატუმბვა შეწყდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 აგვისტოს ღამით თავდასხმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქში ნიკოლსკოეს ნავთობის სატუმბავ სადგურზე. მოგვიანებით ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოცხადებული თავდასხმის ფაქტი. მოსკოვმა პირობა დადო, რომ რაც შეიძლება მალე აღადგენდა მილსადენის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სატრანსფორმატორო სადგურს.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ მთავარი მილსადენია რუსეთიდან ევროპაში ექსპორტისთვის. ბელარუსის ქალაქ მოზირში ის ორ მონაკვეთად იყოფა. ჩრდილოეთის ნავთობსადენი გადის ბელარუსზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთსა და გერმანიაზე, ხოლო სამხრეთისა - უკრაინაზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.
ამჟამად, „დრუჟბის“ სამხრეთ შტოს მეშვეობით რუსეთის ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობენ. ჩრდილოეთ შტოს მეშვეობით გადაიზიდება ნავთობი ყაზახეთიდან. უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არაერთხელ შეწყდა. როგორც ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა 19 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გამო არ შეწყვეტილა ნავთობის მიწოდება გერმანიისთვის.