“სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს” – მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილს ავრცელებენ

2 weeks ago 4

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და ძლიერი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

“ჩვენ, ხელმომწერი მსოფლიო ქალი ლიდერები, საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ბოლოდროინდელი მოვლენები თბილისში, სადაც 200 ათასზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა, რათა რუსეთთან კავშირში მყოფი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება გააპროტესტოს, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული გზისადმი ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას უსვამს ხაზს.

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ფალსიფიცირებულად და დემოკრატიული ნორმების სისტემატიურ ეროზიად მიიჩნიეს, ეს ქმედებები ღალატობს ქართველთა უმრავლესობის მხარდაჭერას, რომლებიც მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დემოკრატიულ მომავალს.

ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ნეგატიური რეაქციისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერობა, როდესაც მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომები დაგმო.

მომიტინგეების გვერდით დგომით და მმართველი პარტიის არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფით, მან განასახიერა თავისი ხალხის ნება და მხარი დაუჭირა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთა სრულად მიღწევაც საქართველოს დიდი ხანია სურს. ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ქვეყანაში, სადაც მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა.

საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და ძლიერი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის გლობალურ ბრძოლაში არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას იმოქმედოს გადამწყვეტად, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატია და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობა,” – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ

ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჰელენ კლარკი
შეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი
მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – პატრიცია ესპინოზა
ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჯულია გილარდი
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი – დალია გრიბაუსკაიტე
ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – სანა მარინი
ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი – მონიკა მაკუილიამსი
ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი – მერი რობინსონი
კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი – ვიოსა ოსმანი-სადრიუ
ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი – ელენ ჯონსონ-სირლიფი
აშშ-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში და ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი – მელანი ვერვეერი.

სრულად წაკითხვა