სომხეთის მთავრობამ რუსეთის მოთხოვნა, ჟურნალისტის, ილია დანილოვის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ არ დააკმაყოფილა. ერევანში იძულებით ერთთვიანი ყოფნის შემდეგ დანილოვი თბილისში დაბრუნდა. ამის შესახებ რამდენიმე მედია გამოცემა იუწყება.
დანილოვი 2026 წლის პირველ აგვისტოს სომხეთში დააკავეს, როდესაც ის საქართველოდან სომხეთში ჩავიდა, რათა საქართველოში ლეგალურად ყოფნის 365-დღიანი ვადა თავიდან დაეწყო.
SOTA-ს ინფორმაციით, სომხეთის სასაზღვრო პუნქტზე გაირკვა, რომ ჟურნალისტი რუსეთში საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. რუსეთის ხელისუფლება მას ედავება „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა“ და რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებას. გარდა ამისა, დანილოვი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის („როსფინმონიტორინგი“) მიერ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.
სომხეთის სამართალდამცავებმა დანილოვი რამდენიმე საათით დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა რუსეთის მოთხოვნის სამართლებრივი შემოწმების დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ხელისუფლებისგან ქვეყნის დატოვების ნებართვა მიიღო და თბილისში დაბრუნდა. რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის ინფორმაციით, სომხეთმა უარი თქვა რუსეთისთვის დანილოვის ექსტრადიციაზე.
დანილოვის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ერევანმა მოსკოვის მიერ დისიდენტების ექსტრადიციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
2026 წლის ივნისში მათემატიკოსი მიხაილ ვერბიცკიც დააკავეს ერევნის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. რუსეთში ვერბიცკის ბრალად ედება არმიის „დისკრედიტაცია“ და ტერორიზმის გამართლება. სომხურმა სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ვერბიცკიმ ქვეყანა დატოვა.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში ცხოვრობენ, პერიოდულად აწყდებიან რუსეთის მიერ ძებნისა და ექსტრადიციის მოთხოვნებს.
ილია დანილოვმა რუსეთი 2021 წელს დატოვა, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების ფონზე. ის საქართველოში ცხოვრობდა და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. SOTA-ში მუშაობამდე დანილოვი ლიპეცკში ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო.
netgazeti