შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია მძღოლი, 21 წლის პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაეჯახა ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს. მათგან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა.
შემთხვევას ადგილზე არეულობა მოჰყვა - ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავეს და მძღოლს, რომელიც ქვეითებს დაეჯახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
24news.ge-სთან საუბარში თვითმხილველი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მძღოლი მოზარდებს დაეჯახა, იგინებოდა. მისივე თქმით, იგი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
იმავე გამოცემასთან საუბარში, კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ სასწრაფოს მანქანა ამოაყირავეს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ მათ დახმარება მძღოლს გაუწიეს და არა მოზარდებს.
"ჩვენი ორი მოზარდი დაიღუპა. ამ დროს, სასწრაფო მოდის, ნაცვლად იმისა, რომ ცხედრებს მიხედოს, იქნებ რომელიმე გადარჩეს, ორი მუშტი ვისაც მოხვდა,მაგას სვამენ სასწრაფოში და მასზე ზრუნავენ. ეს არაა ჩვენი შეურაცხყოფა? ამიტომაც სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შევიკრიბეთ და გადავაყირავეთ ეგ სასწრაფო. ღირსნი იყვნენ", - ჰყვება ის, 24news.ge-ს თარგმანის მიხედვით.
ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექთანი ანა აბრამიშვილი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ ადგილობრივებს სასწრაფოს მიმართ აგრესია ჰქონდათ, რადგან მისივე სიტყვებით, "ეგონათ, რომ ექიმებს ნაცემი მძღოლის ადგილიდან გარიდება უნდოდათ".
"როცა ერთმა ნაწილმა სასწრაფო მანქანის რყევა დაიწყო, მეორე ნაწილმა ბრიგადის წევრები მანქანიდან გადმოიყვანეს, თორე, არ ვიცი რა მოხდებოდა. ასე გადარჩნენ ბრიგადის წევრები, მათ ფიზიკურად არავინ შეხებია. თუმცა, ერთ-ერთი ექთანი ფეხმძიმედ იყო და სახლში გავუშვით, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო. გადაბრუნებული მანქანა კი ძალიან დაზიანდა. სულ სამი სასწრაფო მანქანა გვაქვს, ორიღა დაგვრჩა", - ჰყვება ექთანი.
მოზარდებს დაღუპვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.