სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციელების მხრიდან „ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა“. ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (SIS), ისე პროკურატურას გამოიძიონ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები და გამოკვეთონ ხელმძღვანელი პირების, მათ შორის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაავრცელოს მკაფიო განცხადება, სადაც აღწერილი იქნება აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზები.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები კანონის დაცვას კი არა, არამედ მოქალაქეების დასჯასა და მათ მიმართ ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად. „განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიტიკური თუ სხვაგვარი კუთვნილების გამო. სამართალდამცავი უწყებების ამგვარი იდეოლოგიზება უხეშად არღვევს პოლიციის ნეიტრალიტეტის პრინციპს და ქმნის სახიფათო ნიადაგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ნიღბიანი ძალოვნები, რომელთა იდენტიფიცირებაც შშეუძლებელი იყო, ადამიანის უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევაა. ორგანიზაციის თქმით, ისინი „დაუსჯელობის სრული გარანტიით სარგებლობენ“.
ორგანიზაციამ სოციალურ მედიაში გავრცელებულ რამდენიმე კადრზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ნაჩვენებია პოლიციის სისასტიკე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, მათ შორის დაკავების დროს და მის შემდეგ, პოლიციის ფურგონებში დაკავებულების ცემა, მათ შორის თავად ზვიად ხარაზიშვილის მიერ.
ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდა. „ხელისუფლების მიერ გზის გადაკეტვის ამ ფორმით კრიმინალიზება არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს საბაზისო პრინციპს, არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ამასთან, გზის გადაკეტვის ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს შეკრების მონაწილეების რაოდენობას და დემონსტრაციის თანმხლებ გარემოებებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლების სტანდარტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბრის შემდეგ არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა და არც გამოძიება ჩატარებულა მათ მიმართ საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური)