WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, დაარღვია რუსეთში ექსტრადიციაზე დაწესებული მორატორიუმი. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“ ეს პრაქტიკა მანამ, სანამ „არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში“.

ორგანიზაციის 5 ოქტომბრის განცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი მოკლეს მას შემდეგ, რაც იგი მატარებელში ბადგარს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამ შემთხვევამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია რუსეთში ექსტრადიციების განახლების გამო მას შემდეგ, რაც 2022 წელს, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ, ამ პრაქტიკაზე მორატორიუმი დაწესდა.

ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას,  იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება მანამ სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში“.

ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა გენერალურ პროკურატურას გაასაჯაროოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

„დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იყო, მაგრამ მისი სიკვდილი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვას, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან, არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ გაიხსენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის „სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, არ გადაეცა პატიმრები რუსეთისთვის მანამ, სანამ სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მიდგომას არ ჩამოაყალიბებდა.

„საქართველოს მხარემ წარადგინა სტატისტიკა, რომლითაც ამტკიცებდა რომ 2022 წლის მარტის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია გაირიცხა ევროპის საბჭოდან, არც ერთი პატიმარი არ იყო გადაცემული საქართველოდან“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

მანვე აღნიშნა, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციამ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადიციის შუამდგომლობით საქართველოს 33-ჯერ მომართა, 29 შემთხვევაში საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. „ეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოთხოვნებს პრაქტიკულად 90% შემთხვევაში აკმაყოფილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პირის ისეთ სახელმწიფოში გადაცემა, სადაც მის მიმართ ასეთი მოპყრობის რეალური რისკია, აკრძალულია. ის ქართულ კანონმდებლობასაც იშველიებს, რომლის თანახმადაც კანონი „კრძალავს პირის ექსტრადიციას, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.

„რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English