სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ქართულმა სასამართლოებმა აფგან სადიგოვი „უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში“ დატოვეს

1 week ago 3

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 20 მარტს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად,  რომლითაც საქართველოს აეკრძალა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში“ დატოვეს.

11 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა აფგან სადიგოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება. ორგანიზაციამ განმარტა, რომ ვინაიდან საექსტრადიციო პატიმრობის საბოლოო ვადა 3 მაისს იწურება და ამ პერიოდში მისი ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო და არსებით გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს, აუცილებელი იყო მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება ან პატიმრობის სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიებით (გირაო) შეცვლა. სასამართლომ შუამდგომლობა ზეპირი განხილვის გარეშე დაუშვებლად ცნო. მოსამართლემ განაცხადა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიემართება ექსტრადიციის შეჩერებას და არა მის აკრძალვას, ამიტომაც იგი ვერ განიხილება ახალ არსებით გარემოებად.

ორგანიზაციის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ და 17 მარტს მიღებულ განჩინებაში მიუთითა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ექსტრადიციის შეჩერება ან შესაძლო აკრძალვა, რატომ განაპირობებს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჭიროებას, მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდი,რომ აფგან სადიგოვი მიემალება მართლმსაჯულებას.

„მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობის, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის საქმეზე ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სრულ განაცხადში „ასევე იდავებს საექსტრადიციო პატიმრობაში მისი დატოვების ზემოთ აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებებზე“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.

სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მან 242 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა.

საქართველოში იგი გასული წლის აგვისტოში დააკავეს, მანამდე მას საქართველოდან თურქეთში გამგზავრების უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეძლებდა გამგზავრებას. გასული წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ამას მოყვა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანისთვის გადაცემას

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ეუთო-მ, მოუწოდეს საქართველოს არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა