სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„2024 წლის 15 დეკემბერს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორი ზურაბ ფაჩულია.
ბატონი ზურაბი დაიბადა ქ. სოხუმში 1949 წ. 11 მარტს. დაამთავრა ქ. სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა. 1971 წელს წარჩინებით დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა საკვალიფიკაციო ნაშრომი და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება, რომელზეც მუშაობდა პროფესორი ზურაბ ფაჩულია, იყო ქიმიური რეაქციების მექანიზმების შესწავლა კვანტური ქიმიის მეთოდებით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტად და ინჟინრად; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ლაბორანტად, უფროსი ლაბორანტად, მასწავლებლად და დოცენტად; თსუ სოხუმის ფილიალში გახლდათ ქიმიის კათედრის გამგე, ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი.
ბატონმა ზურაბმა არა ერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა საბუნებისმეტყველო მეცნიერების საოცარ სამყაროში.
ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს პროფესორ ზურაბ ფაჩულიას სული. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.