სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროევროპული აქციების დროს პოლიციის სავარაუდო ძალადობას იძიებს

2 weeks ago 8

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. სამსახურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება,  რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. „სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.   

„გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა“, – აცხადებს სამსახური და დასძენს, რომ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი“.

სამედიცინო დაწესებულებებს ეთხოვათ ჩანაწერების მიწოდება საპროტესტო აქციების დროს მიყენებული დაზიანებების მკურნალობის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან   გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებს. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ  ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასობრივი საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან გახშირდა ცნობები და კადრები პოლიციის მიერ ძალის გადამეტების, სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. დამნაშავეების იდენტიფიცირებას ის ფაქტიც ართულებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაში მონაწილე თითქმის ყველა პოლიციელს  სახე დაფარული აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა