სპეცრაზმის გამოჩენისთანავე დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარნენ და მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ

2 weeks ago 12

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ადგილი იქამდე დატოვეს, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოქმედებაზე გადავიდოდა და ნახევარ საათში, ისევ ჭავჭავაძეზე, თუმცა აქსის თაუერის მიმდებარედ გაჩერდნენ.

ჭავჭავაძის მიმდებარედ რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩდა. პოლიცია დაიძრა ქუჩის ზედა ნაწილიდან.

ამ დროს ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე რჩებოდა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან ამ ადგილას, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, დაახლოებით 05:30 საათისათვის მივიდნენ.

მათ ბარიკადები ააგეს და ცეცხლი დაანთეს. წყლის ჭავლის მანქანამ თავდაპირველად ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო. აქედან რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე აღარ იყვნენ. მათ ტერიტორია სპეცრაზმის გამოჩენისთანავე ჭავჭავაძის მიმდებარე ქუჩებით დატოვებს.

ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ალაგებს. მიდიან პოლიციელებიც, გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

2 დეკემბრის საღამოსა და 3 დეკემბრის ღამით მოვლენები წინა დღეებისგან განსხვავებულად განვითარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით, 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გაგრძელდა.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო გამაგრებული. სპეცრაზმელები, პერიოდულად, მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისროდნენ.

მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი კი სანაპიროდან მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათ ადგილზე სპეცრაზმი კორდონი დახვდათ და აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“.

პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

სრულად წაკითხვა