სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ქვეყანა დატოვა

15 hours ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახურის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყანა დატოვა.

იგი ფეისბუქზე ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და აშშ-ის საელჩოს.

"განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, მიზეზად კი პატაკში „ოჯახური პირობები“ დაასახელა.

ფეისბუქზე მან გამოაქვეყნა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

29-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

სრულად წაკითხვა