„სპონტანური აქციის“ წინასწარ შეთანხმება, ორმაგი ჯარიმები - რას მოიცავს შემზღუდავი ცვლილებები

3 hours ago 1

„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი აგრძელებს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებების მიღებას და კვლავ დაჩქარებული წესით ამკაცრებს შემზღუდავ ნორმებს.

კვირას, ორ თებერვალს, თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გზის ნაწილობრივ გადაკეტვის შემდეგ, სამ თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ცვლილებები შეიტანა საკანონმდებლო ორგანოში.

ცვლილებები ინიციირებულია ერთდროულად რვა კანონში. ამ პაკეტს ერთად განიხილავენ და, სავარაუდოდ, ხუთ თებერვალს მიიღებენ. 3 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა ცვლილებებს.

ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება:

  1. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი
  2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
  3. სისხლის სამართლის კოდექსი.

რადიო თავისუფლებამ შეაჯამა საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული მთელი რიგი შეზღუდვები, - ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ოთხჯერ გაზრდიდან „სპონტანური აქციების“ წინასწარ შეთანხმების რეგულაციამდე და მოსამართლეების სახლთან აქციის აკრძალვაზე.

მეტი ჯარიმა წვრილმან ხულიგნობაზე

წვრილმანი ხულიგნობა აქამდე 500-დან 1000 ლარამდე თანხით ისჯებოდა, - ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.

ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ იზრდება, - ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე დიაპაზონში; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.

განმეორებით წვრილმანი ხულიგნობა აქამდე ისჯებოდა 1500-2000 ლარით ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობით.

ამიერიდან კი 3000-5000 ლარითა და 5-დან 60 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

გამკაცრებული ზომები ვანდალიზმზე

ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარით.

მაგრამ განმეორების შემთხვევაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.

პოლიციის დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და „მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთ მუხლად იყო გაწერილი და 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.

ახლა პოლიციის დაუმორჩილებლობა ცალკე გამოიყოფა და მისი „შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება“, - ცალკე მუხლად.

მკაცრდება სანქციებიც.

  • დაუმორჩილებლობა: დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარითა და 60 დღემდე პატიმრობით; ახლა 2000-დან 3000-მდე ლარითა და 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.
  • პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ - დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
  • განმეორებით შემთხვევაში გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე თანხითა და 7-15 დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.

და ეს მხოლოდ „პოლიციელს“ არ ეხება. შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:

  • სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი
  • სამხედრო მოსამსახურე
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი
  • აღსრულების პოლიციელი
  • „სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“;

პოლიტიკოსის შეურაცხყოფა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.

აქციაზე პოლიტიკოსის შეურაცხყოფა დაჯარიმდება 1500-დან 4000 ლარამდე თანხითა და 45 დღემდე პატიმრობით.

განმეორების შემთხვევაში - 2500-დან 6000 ლარამდე თანხითა და 5-დან 60 დღემდე პატიმრობით.

ვის ეხება?

  • საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს;
  • პოლიტიკური თანამდებობის პირს
  • სახელმწიფო მოსამსახურეს
  • სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს
  • საჯარო მოსამსახურე.

რას ეხება?

  • „სიტყვიერ შეურაცხყოფას“
  • „ლანძღვა-გინებას“,
  • „შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“
  • „სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით“.

მკაცრდება სასჯელი „გაუფრთხილებელ“ აქციებზე

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი განსაზღვრავს, რომ აუცილებელია „აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება“, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“.

ეს გაფრთხილება კი „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ სულ მცირე 5 დღით ადრე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ამ წესების დარღვევას, - რაც 500 ლარით ისჯებოდა, - 2000 ლარით დასჯის.

ორგანიზატორის შემთხვევაში პირველ ჯერზე 5000-ლარიანი ჯარიმა რჩება.

განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარამდე იზრდება. ასევე, დაისჯება 60 დღემდე პატიმრობით, - რაც აქამდე 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.

იკრძალება აქცია მოსამართლის სახლთანაც

ახალი ცვლილებები კრძალავს ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას.

კრძალავს მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარებას.

კრძალავს „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“.

ყველაფერი ეს დაისჯება 5000 ლარამდე ჯარიმითა და 60 დღემდე პატიმრობით.

მკაცრდება ჯარიმები შენობებთან აქციებზე

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი ახლა უკვე კრძალავს არაერთ უწყებასთან ოცი მეტრის რადიუსში აქციის ჩატარებას.

მათ შორისაა პროკურატურა, პოლიცია, პენიტენციური დაწესებულება, პოლიციის შენობები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და პორტები.

ასევე, აკრძალულია აქციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ამ წესების დარღვევა ახლა 2000 ლარით ისჯება.

ახალი ცვლილებებით კი - 5000 ლარით; იმ შემთხვევაში კი, თუკი სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - 15 000 ლარით.

განმეორების შემთხვევაში სასჯელი 10 000 ლარი და 20 დღემდე პატიმრობაა, ორგანიზატორისთვის კი - 20 000 ლარი და 5-დან 60 დღემდე პატიმრობა.

პიროტექნიკის ქონა და ლაზერის მინათება კი ჯერ 2000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 5000-მდე ლარითა და 20 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

გაფრთხილება „სპონტანურ აქციასაც“ სჭირდება

იცვლება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონიც.

საკანონმდებლო დონეზე ჩნდება „სპონტანური აქციის“ ცნება და განისაზღვრება, როგორც „შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო“.

აქამდე კანონი სპონტანურ და წინასწარ დაგეგმილ აქციებს არ ასხვავებდა.

ახლა აქციის „ორგანიზატორს“ უჩნდება ვალდებულება, „სპონტანური“ აქციის ჩატარების შესახებაც აცნობოს მუნიციპალიტეტს, - ამ შემთხვევაში კანონი დემონსტრაციის ორგანიზატორებს „აპატიებს“, რომ დაგეგმილი აქციისათვის დაწესებულ ხუთდღიან ვადას არ იცავენ. მაგრამ გაფრთხილებას მაინც ავალდებულებს.

ახალი კანონი ამბობს, რომ „განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში“.

„ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი“, - წერია კანონში.

გაფრთხილებაში კი უნდა აღინიშნოს:

  • „შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი,
  • დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
  • პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი“
  • „გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა“.

„ბლოკირება“

იკრძალება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება.

ესეც დაისჯება - 5000-დან ლარამდე მონაწილე, 15 000 ლარამდე - ორგანიზატორი; განმეორებით - მონაწილე 10 000 ლარამდე, ორგანიზატორი 20 000 ლარამდე. ასევე, 5-დან 60 დღემდე პატიმრობით.

ამასთან, აქციის მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მოძრაობის აღდგენის შესახებ, „თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“.

„მასობრივად დარღვევის“ შემთხვევა

თუკი აქციაზე მიიტანეს პიროტექნიკა, ანათებენ ლაზერებს, უკეთიათ ნიღბები ან სახეს სხვანაირად იფარავენ, ან ტრანსპორტს უქმნიან დაბრკოლებებს, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი ამბობს, რომ:

„[ჩამოთვლილ] მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე“.

წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას დაშლიან.

ცვლილებების მიხედვით, როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი აქციის მონაწილეებს გააფრთხილებს, „უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია, დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას“.

60-დღიანი პატიმრობა

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ოთხჯერ იზრდება - 15 დღიდან 60 დღემდე.

ადმინისტრაციული პატიმრობის 15-დღიანი ვადა 2014 წლიდან მოქმედებდა - მანამდე 90 დღე იყო დაწესებული.

მკაცრდება „დამამძიმებელი გარემოებები“

მკაცრდება და იმატებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

ამიერიდან დამამძიმებელ გარემოებებად ჩაითვლება:

  1. მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა „უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად“;
  2. წლის განმავლობაში ერთი და იმავე სამართალდარღვევის „განმეორებით ჩადენა“, რის გამოც ადამიანს უკვე „დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა“;
  3. სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;
  4. არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
  5. სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიმართ ან თანდასწრებით;
  6. სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
  7. დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
  8. სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
  9. სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;
  10. სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

საქმის განხილვის ვადა - 4-დან 6 თვემდე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი, - „რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია“, - შეიძლება დაედოს აღნიშნული ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

აქამდე ეს ვადა ოთხი თვე იყო.

„პოლიციელზე თავდასხმა“

ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც.

იცვლება პოლიციელისადმი „წინააღმდეგობისა“ და მუქარის, ასევე მასზე თავდასხმის მუხლები.

ახლა პოლიციელისადმი „წინააღმდეგობა“ „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით“, ასევე „აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება“ - ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით, ან 2-დან 5 წლამდე პატიმრობით.

ცვლილებით, პატიმრობის ზედა ზღვარი 6 წლამდე იზრდება.

ჯგუფურად და არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელი რვა წლამდე იქნება, - ნაცვლად ახლა მოქმედი შვიდი წლისა.

პოლიციელზე თავდასხმა [353-ე პრიმა მუხლი] ამჟამად 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ახალ ცვლილებებში გაწერილია დამამძიმებელი გარემოებები: „ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით“ და „აფეთქებით/ცეცხლის წაკიდებით“ - და დაისჯება ხუთიდან რვა წლამდე“.

თუ „თავდასხმა“ ხდება „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“ - ამ შემთხვევაში პატიმრობა გათვალისწინებულია 7-დან 11 წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში კი - 8-დან 12 წლამდე.

პოლიციელის მკვლელობა 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით დაისჯება.

თანამდებობის პირზე თავდასხმა

კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც თანამდებობის პირზე თავდასხმას ეხება და ამას სამ წლამდე პატიმრობით სჯის.

დამამძიმებელ გარემოებებში - დაისჯება 2-დან 6 წლამდე პატიმრობით.

მასზე თავდასხმა „საქმიანობასთან დაკავშირებით“ - დაისჯება პატიმრობით ვადით 4-დან 7 წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში კი - 5-დან 12 წლამდე პატიმრობით.

დემონსტრაციები ორთვიან ნიშნულს გადასცა

საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 69-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.

პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.

ამ 69 დღის განმავლობაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა:

  • დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით;
  • აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
  • აქციებზე დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ - იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
  • დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
  • პოლიციელისათვის სილის გარტყის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 24-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
  • 2024 წლის დეკემბერში უკვე აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, - როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი ინდეტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
  • აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
  • აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით;

დემონსტრანტები ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, ამ გავლენებისგან დაცლილი სახელმწიფო უწყებების პირობებში; ასევე, ითხოვონ, გაათავისუფლონ დემონსტრაციებისას დაკავებული ადამიანები, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

სრულად წაკითხვა