"სრული სასოწარკვეთა": ზურაბიშვილი კობახიძის ტრამპისადმი წერილზე

6 hours ago 4

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე შეაფასა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას წერილის წაკითხვისკენ მოუწოდა, ამასთან მისი შეფასებით წერილიდან, რომელშიც დაცული არაა "პროტოკოლის და მეგობრობის ნიშნები" ჩანს "სრული სასოწარკვეთა".

"იმის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს და ჩანს რომ დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ წრეში და ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და დღეს ალბათ ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია მაგრამ ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხაროა, რომ მისთვის იქნება ძალიან გამაოგნებელი იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, წერილი არის "ამ ხელისუფლების ჩამოშლის მაჩვენებელი მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ".

კობახიძის წერილს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენენებიც "ლელო- ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით "ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა" მისივე სიტყვებით, თუ სადმეა „დიფ სთეითი”, „ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

„ამ მოღალატე და კრიმინალთა რეჟიმის დოქსოპულომ, იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან საპასუხო წერილი, რომ მათ არ აღიარებენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი ცივილიზებული ქვეყანა კრიმინალთა რეჟიმს, პუტინის რუსეთის მეხუთე კოლონას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს", - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ღია წერილს.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა წერილს და დაწერა, რომ "თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა - ასეთია არჩევანი“.

ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წერილს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელი, ყოფილი დესპანი სერგი კაპანაძე.

"უიმედო პათოსით და ყალბი სასოწარკვეთილებით აღსავსე მაჩოს სტილში დაწერილი კონსპირაციული და პროპაგანდისტული პასკვილი შორიდან ვითომ ტრამპის მიმართ მოტრფიალე იმედგაცრუებული ოლიგარქის მსახურისგან, რომელიც ღიად ღაღადებს - "გვიპასუხე, გიყვარვართ, თუ გკიდივართ", - დაწერა სერგი კაპანაძემ.

დღეს 13 მაისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა.

კობახიძე წერს, რომ მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე, მიიჩნევს რომ ეს გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.

სრულად წაკითხვა