100-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მისაღები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი „გადაფუთული რუსული კანონია“, რომლის სამიზნეც სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედიაა, და დასძინა, რომ „რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკული კანონი FARA, რომლის ასლადაც მმართველი პარტია ქართულ კანონმდებლობას წარმოაჩენს, „დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება“ მაშინ, როცა მისი ქართული ვერსია ორივეს წინააღმდეგაა მიმართული.
ერთობლივ განცხადებაში სსო-ებმა და მედია ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია“ და პირობა დადეს, რომ „ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს“.
„ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას“, – განაცხადა სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ერთობლივი განცხადების წაკითხვისას. „50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა“.
„საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის FARA არ ვრცელდება მედია ორგანიზაციებსა და სსო-ებზე, ხოლო „ივანიშვილის FARA, რომელიც იტყუება, რომ ამერიკული კანონია, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს… ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის FARA-ა, თუ ამერიკული FARA. თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. „მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა“, – განაცხადა მან.
„ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, ანტიქართულია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გაააკეთებენ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს.
2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კანონპროექტს ამერიკული FARA-ს „ზუსტი ასლი“ უწოდა. შემოთავაზებული კანონპროექტი საქართველოში არსებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონს ჩაანაცვლებს. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ორ მოსმენით უკვე მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
- 17/05/2024 – ექსპერტები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიღებული კანონი ორიგინალისგან განსხვავდება და პერსონალურ ჯარიმებს ითვალისწინებს
- 17/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 11/04/2024 – ამერიკული FARA და „უცხოელი აგენტების“ შესახებ ქართული კანონი: სამი ძირითადი განსხვავება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)