სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა (სსო) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წუხილები. მათ ანგარიშში ხაზგასმულია შემაშფოთებელი ტენდენციები, მათ შორის ბრალდებები დაკავებულების მიმართ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, სასამართლოს მიკერძოების და ძალადობაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების ნაკლებობის შესახებ.
განცხადების მიხედვით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი, მათგან ბევრს შეეფარდა მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. „ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება“, – განაცხადა „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელნა ნინო ლომჯარიამ. „ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“.
ლომჯარიას თქმით, აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები გამოძიების და საქმის წარმოების პროცესში არაერთ დარღვევაზე საუბრობენ.
„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მიუთითებენ უკანონო პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე“, – აღნიშნა მან.
დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს (მაგალითად, საბა სხვიტარიძის, რევაზ კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილისა და სხვების საქმეები).
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება), 353 პრიმა (პოლიციელებზე თავდასხმა), 18-229-ე (აფეთქების მომზადება), 156-ე (დევნა), 260-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობა) მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელად თავისუფლების აღკვეთას (4-დან 6 წლამდე, 7-დან 11 წლამდე, 8-დან 20-წლამდე), ხოლო ნაწილი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„აღსანიშნავია, რომ აქციის ორი მონაწილე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ ფლობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აქციიდან მომავალს პოლიციამ მოწმეთა დასწრებისა და ვიდეოჩაწერის გარეშე უკანონოდ ჩაუტარა ჩხრეკა და ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მეორე დაკავებული მიუთითებს, როგორც ნარკოტიკების ჩადებაზე, ასევე, დაკავების შემდგომ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და ზეწოლაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გარდა ამისა, სსო-ებმა ხაზგასმით აღნიშნეს სასამართლო პროცესში არაერთი პროცედურული დარღვევა, მათ შორის პროკურატურის მიერ იდენტური საბრალდებო დასკვნის გამოცემა, რამაც ვერ დაადგინა ინდივიდუალური ბრალდებები და ჯგუფურ ძალადობაზე ზოგად მითითებებს ეყრდნობოდა. მათ ასევე მიუთითეს დაკავების ჩანაწერებში არსებულ შეცდომებზე, როგორიცაა დაკავების დროისა და ადგილის შეუსაბამობა და დაკავების პირობების დარღვევა.
„ჩემი ხმის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ზოგიერთი ბრალდებული ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ დააკავეს დაკავების იზოლატორების ეზოების გარეთ. თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ყველა იმ დაკავებულს, ვინც არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობდა. რიგ შემთხვევებში გამოძიება ტარდება გადაუდებლად ან ღამით, რისი საჭიროებაც არ არსებობს.
ლონდა თოლარაიამ აღნიშნა, რომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არაფორმალური ჯგუფების წევრები სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლოს მიკერძოებასთან დაკავშირებით, თოლორაიამ განაცხადა, რომ სხდომები არ იყო გამჭვირვალე და მოსამართლე ბრალდების მხარის არგუმენტებს საკმარისი დასაბუთების გარეშე იღებდა.
ერთობლივ განცხადებაში დასახელებულია რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქმედებენ, მოსამართლეები თვალს ხუჭავენ დაცვის მხარის მტკიცებულებებზე და მიკერძოებულნი არიან ბრალდების მხარის სასარგებლოდ. ეს მოსამართლეები არიან თამარ მჭედლიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, დავით კურტანიძე, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, ნანა შამათავა და დავით მგელიაშვილი.
თოლორაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაირღვა საჯარო განხილვის პრინციპიც, რადგან მიუხედავად ამ საქმეების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესისა, სხდომები პატარა ოთახებში ჩატარდა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა არასათანადო მოპყროპის საქმეების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ და იმ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელიც სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესს უზრუნველყოფს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)