„სტატისტიკურად შეუძლებელი“ - „ჰარის იქსი“ და „ედისონ რისერჩი“ საკუთარი ეგზიტპოლების ანალიზის შემდეგ ცესკოს შედეგების შეუსაბამობებზე უთითებენ

1 month ago 8

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ენდობიან HarrisX და „ედისონ რისერჩი“ - ოპოზიციური ტელეარხების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების ავტორები. ამერიკული კომპანიების ეგზიტპოლებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცესკოს მაჩვენებელს.

თავიდან ყველა ზეიმობდა. 26 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, სამმა ქართულმა ტელეარხმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული ეგზიტპოლი გამოაქვეყნა.

აქედან ორში, რომლებიც ამერიკულმა კომპანიებმა, „ედისონ რისერჩმა“ და HarrisX-მა ჩაატარეს ოპოზიციური ტელეარხების დაკვეთით, „ქართული ოცნება“ მარცხდებოდა - იმ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის ჯამი, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აღემატებოდა მმართველი პარტიისას.

მესამე ეგზიტპოლი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ქართულმა კომპანია „გორბიმ“ ჩაატარა, განსხვავებულ სურათს აჩვენებდა - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებდა, გიორგი გახარიას პარტია კი ბარიერსაც ვერ ლახავდა.

„ქართული ოცნების“ ოფისში „გორბის“ ეგზიტპოლის გამოქვეყნებას ზეიმი მოჰყვა, ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც მიულოცა.

წინა წლებში „გორბის“ ეგზიტპოლი მუდამ ცდებოდა - ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ „იმედზე“ გამოქვეყნებულ კვლევაში „ოცნების“ რეიტინგი გაზვიადებული იყო.

ახლა სხვანაირად მოხდა. ათი საათისთვის, როცა ცესკომ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 53%-ს ცდებოდა, რაც ბევრად უფრო ახლოს იყო „გორბის“ მაჩვენებელთან (56%), ვიდრე „ედისონის“ და HarrisX-ის (შესაბამისად, 41% და 42%).

2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ედისონის“ ეგზიტპოლში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ოფიციალური შედეგის ცდომილების ზღვარს გასცდა.

არ შეცვლილა მეთოდოლოგია. მაშინ რა შეცვალა?

განსხვავება მანიპულაციებზე მიუთითებს

პირველ ნოემბერს „ედისონ რისერჩმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტპოლის შესწავლა დაასრულა.

„13-პუნქტიანი განსხვავება "ედისონის" შეფასებასა და "ქართული ოცნების" 54%-იან ოფიციალურ შედეგს შორის მხოლოდ ნორმალური გადახრით ვერ აიხსნება და მიუთითებს ადგილობრივ დონეზე საარჩევნო მანიპულაციაზე“, - თქვა „ედისონ რისერჩის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, რობ ფარბმენმა.

მისი თქმით, „ედისონის“ ანალიზის მიხედვით, მანიპულაციები, სავარაუდოდ, დიდი ქალაქების გარეთ მოხდა:

„ედისონის ანალიზმა აღმოაჩინა, რომ სტატისტიკურად ნავარაუდევი შედეგებიდან გადახრა ყოვლისმომცველი იყო, თუმცა განსაკუთრებით გამოხატული - სპეციფიკურ ადგილებში სოფლად. სავარაუდოდ, საარჩევნო უბნების დონეზე, ამ ადგილებში ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულაცია“.

„ედისონ რისერჩი“ დასძენს, რომ 2024 წლის ეგზიტპოლი იმავე მეთოდოლოგიით ჩატარდა, როგორც აქამდე ატარებდა კომპანია ეგზიტპოლებს საქართველოში, როცა მათი ვარაუდი ცესკოს შედეგებს დიდწილად ემთხვეოდა. კომპანია იმავე მეთოდოლოგიას იყენებს აშშ-შიც, როცა იქაური მსხვილი ტელევიზიები უკვეთენ ეგზიტპოლებს.

ანალოგიურია HarrisX-ის დასკვნაც. ამ კომპანიამ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა ეგზიტპოლის ანალიზი, რომლის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ხმების 8%-ის შეუსაბამობა, რაც „სტატისტიკური გადახრით არ იხსნება და მიუთითებს საარჩევნო დარღვევებზე“.

HarrisX გამოყოფს ისეთ ოლქებს, სადაც განსხვავებას „სტატისტიკურად შეუძლებელს“ უწოდებს. ერთ-ერთი ასეთია მარნეული, სადაც, ცესკოს შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80% მიიღო, HarrisX-ის ეგზიტპოლის ვარაუდით კი - 40%.

„HarrisX-ის ეგზიტპოლის მონაცემებსა და ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს შორის მარნეულში 40%-იანი განსხვავება დამაჯერებლობას მოკლებული და შეუძლებელია“, - წერია HarrisX-ის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომპანია აგრეთვე დასძენს, რომ ცესკოს მიერ აქტივობის საბოლოო სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, თავისი ეგზიტპოლის მონაცემები შეასწორა.

„ეს მონაცემები „ქართულ ოცნებას“ 44.4%-ს ანიჭებს“, - აღნიშნავს HarrisX და დასძენს, - „ხმების რაოდენობის თვალსაზრისით, 44.4%-ით „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 911 000 ხმა უნდა მიეღო, როცა ცესკო 1 199 908 ხმას იუწყება. ეს მიახლოებით 200 000 ხმაზე დიდ განსხვავებას იძლევა“.

ქურდს ქუდი ეწვისო

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ეგზიტპოლებსა და ცესკოს შედეგებს შორის განსხვავება მარტივად ახსნადია, თუ ზოგიერთმა ამომრჩეველმა ხმა არაერთხელ მისცა, სხვების მაგივრად.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ნაკლები შანსია, გამყალბებელმა ეგზიტპოლზე მომუშავე ინტერვიუერს საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას დასმულ კითხვებზე უპასუხოს.

„აუცილებლად უარს ეტყოდა ინტერვიუერს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას შეიძლება ამოეცნო.

რისკი, რომ იგივე ადამიანი სხვადასხვა უბანზე იგივე ეგზიტპოლში მიიღებდა მონაწილეობას, ნაკლებად შესაძლებელი იყო.

ქურდს ქუდი ეწვისო. ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, საჯაროობას ერიდება“, - უთხრა იაგო კაჭკაჭიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მას ისიც ვკითხეთ, რატომ ხდება, რომ ეგზიტპოლში ზოგიერთი პარტიის რეიტინგი ემთხვევა ოფიციალურ მონაცემებს, ზოგისა კი - არა. მაგალითად, HarrisX-ის ეგზიტპოლში „ქართული ოცნებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ გარდა, ყველა პარტიის მაჩვენებელი ცდომილების ზღვარშია ცესკოს შედეგებთან შედარებით.

იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამას მარტივი ახსნა აქვს - ხმების საერთო ჯამი 100% უნდა იყოს, შესაბამისად, თუ რომელიმე პარტიას რეიტინგი ემატება, სხვას აუცილებლად უნდა დააკლდეს.

„თუ აირეოდა მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ეს აუცილებლად მოახდენდა არაბუნებრივ გადანაწილებას ოპოზიციურ პარტიებშიც“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი და დასძენს, რომ გაყალბება, როგორც წესი, ნაკლებად ისახება შედარებით დაბალი წონის პარტიებზე.

სრულად წაკითხვა