უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალური პირები „პრაქტიკულად მაშინვე“ დათმობებზე წავიდნენ.
„რუსები თითქმის მაშინვე წავიდნენ დათმობაზე ალასკაში პირველ შეხვედრაზე. ამ დათმობებმა ნაწილობრივ შეგვაძლებინა გაგვეგო, შევძლებდით თუ არა რუსების უფრო დამთმობი ქმედებების ხილვას“, - თქვა უიტკოფმა.
მისი სიტყვებით, პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი ანკორიჯში შეხვედრაზე კონცენტრირებული იყვნენ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე და არა უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის საკითხზე. მისი სიტყვებით, ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო გაეგო, რომ „ჩვენ გვაქვს ბევრი წინაპირობა სამშვიდობო შეთანხმებისთვის და რატომაც არ უნდა ვესწრაფოთ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების დადებას?“
მანამდე, 18 აგვისტოს, უიტკოფმა ტელეარხ CNN-ის ეთერში თქვა, რომ ალასკაში შეხვედრაზე მოსკოვი უკრაინის ხუთ რეგიონთან დაკავშირებით „გარკვეულ დათმობებზე“ წავიდა და რომ ვაშინგტონი ტერიტორიების გაცვლის საკითხს განიხილავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.
18 აგვისტოს ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტერიტორიების საკითხს პუტინთან განიხილავს.
Fox News-სთან სატელეფონო ჩართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა. მისი სიტყვებით, ამის შემდეგ შესაძლოა პროცესი სამმხრივ შეხვედრამდე მივიდეს.
მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა გეგმები და შესაძლო სამმხრივიდან ახლა შეხვედრა ორმხრივ ფორმატში განიხილება, უპასუხა, რომ „ეს იყო იდეა, რომელიც განვითარდა პრეზიდენტ ტრამპის საუბრების დროს როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან“.
ლევიტს არ უპასუხია ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
უკრაინის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი ჯერ არ არის დადგენილი.
ამ დრომდე ორმხრივი შეხვედრისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა უარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ჩასვლაზე. პუტინის ამგვარი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით.
19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზებს იმუნიტეტს, რომელიც დაიცავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა უნდა შედგეს ევროპაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ასეთი სამიტისთვის საერთაშორისო სასამართლოს ორდენთან დაკავშირებით გამონაკლისი უნდა დაწესდეს.
Reuters-ი იტყობინებოდა, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. მას უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ. მოსკოვი უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას და არ აღიარებს ამ სასამართლოს ლეგიტიმურობას.