სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა 6 ქართული ორგანიზაციის საჩივარი FARA-ს წინააღმდეგ - TI

1 week ago 5

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლოში) დარეგისტრირდა ექვსი ქართული ორგანიზაციის საჩივარი „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ, - იუწყებიან მოსარჩელეები.

სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ექვსმა ორგანიზაციამ, მათ შორის ერთმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ. ესენი არიან:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI);
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC);
  • „კანონის უზენაესობის ცენტრი“;
  • „საქართველოს ევროპული ორბიტა“;
  • „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის“;
  • „პუბლიკა“.

„საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს - კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას“, - იუწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

„ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება“, - აცხადებს TI.

„ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს“, - მიიჩნევენ მოსარჩელეები.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საერთო სარჩელით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევების დადგენა. მათ შორის:

  • გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი);
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი);
  • პირადი ცხოვრების პატივისცემის (მე-8 მუხლი) უფლების;
  • სამართლიანი სასამართლოს (მე-6 მუხლი) უფლების;
  • ასევე, მე-7 („არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“) და მე-18 (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ერთი მხრივ, FARA-ს დარღვევას ედავება სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის TI-ს, მეორე მხრივ კი „საბოტაჟის საქმის“ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში იძიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას.

სწორედ ამ საქმის ფარგლებში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს დაადეს ყადაღა. რამდენიმე მათგანის წარმომადგენლები უკვე გამოჰკითხეს.

დღეს, 5 სექტემბერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თქვა, რომ „ამ პროცესების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა“.

სრულად წაკითხვა