ფოტო – ტვ პირველი
“სტუდენტები ევროკავშირისთვის” – ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებულმა სტუდენტებმა პარლამენტიდან ევროპის მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების გარდა, მსვლელობას მიყვებიან ხელოვანები, მედიკოსები, პოლიტიკოსები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს.
“დიდება დამოუკიდებელ საქართველოს; ჩვენი მომავალი ევროპაშია; საქართველო აჯანყდი” – სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
“ძალა ერთობაშია – ძალა ევროპაშია” – ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები იმართება.
თავდაპირველად, მოქალაქეები 5 ლოკაციაზე შეიკრიბნენ, ესენია – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილის მეტრო, რესპუბლიკის მოედანი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ავლაბრის მეტრო.
პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები გეგმავენ, რომ მარშით ევროპის მოედანზე გადაინაცვლონ. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.