სუბარი ამბობს, რომ ირანსა და ჩინეთზე „მტკიცე პოზიცია“ უნდა დაიკავონ, ხოლო ტრამპის „სამართლიანობაში“ ეჭვი შეაქვს

11 hours ago 3

სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი აკრიტიკებს „ტრამპის იმედად“ ყოფნას და ეჭვს გამოთქვამს მის „სამართლიანობასთან“ დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გრენლანდიასა და კანადის შესახებ.

სოზარ სუბარი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ნაბიჯებთან დაკავშირებით აცხადებს: „როგორც ვერავინ ჩაგვრთო რუსეთის წინააღმდეგ ომში, ასეთივე მტკიცე პოზიცია შეიძლება დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით“.

ის ასევე ამბობს, რომ საქართველოსთვის „ძალიან მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ჩინური ინვესტიციები“ და „თუ ვიღაცას ეს არ მოსწონს, უნდა დავარწმუნოთ ისინი“, ხოლო „თუ ვერ დავარწმუნებთ, მაინც ვცადოთ, ჩვენი პოლიტიკა გავატაროთ“.

„სუვერენიტეტი“

2025 წლის 13 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ტელეწამყვან მაკა ცინცაძესთან გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქართველო წინა ხელისუფლების პირობებში „ასე თავისუფალი“ არ ყოფილა.

„ხშირად კი ვლაპარაკობთ, „სუვერენიტეტი“, „დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ“, მაგრამ არ არის ეს ჩვენი სუვერენიტეტი ასე“, - განაცხადა მან და დასძინა: „თქვენმა წინა სტუმარმაც [„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია] თქვა, რომ ჩვენ დღეს ვართ ტრამპის იმედად და არა დემოკრატიის და არა სამართლიანობისო“.

ამის შემდეგ სუბარმა განაცხადა: „ტრამპი რამდენად სამართლიანია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აგერ თურმე მე მჭირდება გრენლანდია, იმიტომ, რომ თურმე იქ გვერდით რუსული და ჩინური გემები დაცურავს, გრენლანდიის გვერდით ჩაუვლიათ თურმე და ამიტომ მჭირდება და უნდა შევიერთო, კანადა გუბერნიად უნდა ვაქციო“.

დონალდ ტრამპმა 2025 წლის 6 იანვარს განაცხადა, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევდა, შემდეგ კი თქვა, რომ აშშ, გრენლანდიის მსგავსად, პანამის ყურესაც უნდა აკონტროლებდეს. მან არ გამორიცხა ორივეს დასაუფლებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ტრამპის უხეშ განცხადებებს მიღმა მდგარი ინტერესი რაციონალურია გრენლანდიის მიმართ რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების გათვალისწინებით.

სუბარის განცხადებით, ეს „ცალკე საკითხია, მაგრამ ეგ ადამიანი მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებით“.

„ჩვენ კი თურმე უნდა ვიყოთ გარე ძალების იმედით, - გინდა ხელისუფლება და გინდა ოპოზიცია. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, საქართველოზე გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოში“, - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობებში „სუვერენიტეტის დათმობაზე“ საუბარი „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციას აირეკლავს. „სუვერენული დემოკრატია“ ვლადიმირ პუტინის რუსეთის მთავარი პოლიტიკური კონცეფციაა.

„ტრამპის იმედი“

სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა „ნაბიჯ-ნაბიჯ“ მიიწევს „სუვერენიტეტისკენ“.

„იგივე, ტრამპთან დაკავშირებით. ხშირად გვეუბნებიან, ტრამპის იმედი რატომ გაქვთ, რატომ უნდა გქონდეთ. და მე სულ ვამბობდი, ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა თავის პრეზიდენტად, რათა დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა მან.

სოზარ სუბარის განცხადებით, ეს ინტერესები ბევრ „რამეში შეიძლება ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს“ და სადაც ამ ინტერესთა თანაკვეთა იქნება, „ძალიან კარგი“ იქნება. მაგალითებად კი მოიტანა უკრაინის ომის, „ოჯახური ღირებულებების“, „გამჭვირვალობისა“ და სოროსის ფონდის საკითხები.

სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი თანაგუნდელებთან, მათ შორის ყოფილ თანაგუნდელთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად

სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი თანაგუნდელებთან, მათ შორის ყოფილ თანაგუნდელთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად
  • „უკრაინის ომთან დაკავშირებით წეზოლა რომ შეწყდება საქართველოზე, რათა ჩავებათ ომში, - მე ამის იმედი მაქვს, - ეს არის ძალიან კარგი“;
  • „შეწყდება ზეწოლა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთ სასწრაფოდო. ევროპიდან არ შეწყდება, მაგრამ ამერიკიდან შეწყდება;
  • „ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი, ამაში სრული თანხვედრა გვაქვს“;
  • „ის, რომ USAID-ი რასაც აკეთებდა, NED-ი რასაც აკეთებდა, სოროსის ფონდი რასაც აკეთებდა საქართველოსა და მსოფლიოში, ამაში ჩვენი ხედვები ემთხვევა აბსოლუტურად. დარწმუნებული ვარ, რომ გიჟური პროექტების და ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება არ გაგრძელდება ან შემცირდება“.

ამასთან, ყოფილმა სახალხო დამცველმა და დევნილთა და განსახლების მინისტრმა განაცხადა, რომ „ბუნებრივია, შეიძლება, იყოს თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ასცდება ერთმანეთს“. ასეთ მაგალითად კი ირანი დაასახელა.

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ირანთან ომს დაიწყებს, მაგრამ მაგალითისთვის ვიტყვი: ირანთან დაძაბვის შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ირანი 3000 წელი არსებობს ჩვენი მეზობელია... უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი მეზობელი, 80 მილიონიანი ქვეყანაა, უზარმაზარი ქვეყანაა და ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

„ამიტომ, როგორც ჩვენ ვერავინ ჩაგვრთო რუსეთის წინააღმდეგ ომში და მეორე ფრონტის გახსნაზე ვიყავით ძალიან მტკიცედ, რაღაც მომენტებში, შეიძლება, ასეთივე მტკიცე პოზიცია დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით, - თუ ვინმე მოგვთხოვს რაღაც ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება, მაგრამ ისე ვამბობ“, - დასძინა მან.

დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვას „ქართული ოცნება“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შეთქმულებით ხსნის. თუმცა, რადიო თავისუფლების ამ სტატიაში ჩანს, დასავლეთთან „ოცნების“ დაპირისპირების მკაფიო ნიშნები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაცილებით ადრე გაჩნდა.

„მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციები“

სოზარ სუბარმა კიდევ ერთხლა განმარტა, რომ „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი ყოველთვის“, თუმცა „ეს ინტერესი ზოგჯერ დაემთხვევა ვიღაცის ინტერესს, ზოგჯერ არა“. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის როლზე საქართველოს ეკონომიკაში:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ჩინური ინვესტიციები. ის, რომ ჩინეთი საუბრობს ახალ აბრეშუმის გზაზე, რომ აბრეშუმის გზის რაღაც ნაწილმა საქართველოზე გაიაროს, ჩინურმა ტვირთებმა ევროპისკენ და ევროპულმა ტვირთებმა ჩინეთისკენ - ნაწილმა მაინც საქართველოზე გაიაროს, - ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა მან.

„თუ ვიღაცას ეს მოსწონს, უნდა დავარწმუნოთ ისინი. და თუ ვერ დავარწმუნებთ, მაინც ვცადოთ, ჩვენი პოლიტიკა გავატაროთ ისეთი, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სუბარმა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება

ნაკლები იმედი?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ვითარება შეიცვლებოდა.

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე“, - განაცხადა რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 1 დეკემბერს.

მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.

  • „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს;
  • „ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - განაცხადა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 23 დეკემბერს;
  • „ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 24 დეკემბერს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არავინ მიუწვევიათ ტრამპის ინაუგურაციაზე.

კრიტიკა ირანთან დაკავშირებით

შეერთებული შტატების ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ჩინეთთან და ირანთან პოლიტიკური კავშირების გამო, - ორივე მათგანის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება აქვს დონალდ ტრამპს და მის გუნდს.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტმა (კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი, RSC) აკრიტიკებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ირანში ადრინდელი ვიზიტის გამო.

„ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი პრო-ირანულ დიქტატორებს!“, - დაწერა „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტმა“ პლატფორმა X-ზე 27 დეკემბერს.

„რა უნდოდა კობახიძეს ირანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლები ცდილობდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღე ითხოვენ ამერიკის სიკვდილს? გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ“, - წერდა კონგრესმენი ჯო უილსონიც.

ივლისში ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

ივლისში ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტმა 2024 წლის 30 ივლისს საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხილვამ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით. მათ შორის ერთი ადამიანი იდგა.

ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ინაუგურაციას ესწრებოდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც. ორივე ეს ჯგუფი ტერორისტულად არის გამოცხადებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

სულ ბოლოს, 2025 წლის 9 იანვარს „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანიც ერეოდა.

„ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

კრიტიკა ჩინეთთან დაკავშირებით

საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, - რომლის მიმართაც დონალდ ტრამპსაც და მის დასახელებულ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ხისტი პოზიციები აქვთ, - 2023 წლის ივლისში გამოაცხადეს გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

მას შემდეგ პოლიტიკური კავშირები კიდევ უფრო მყარდება. სანქცირებული ჩინური კომპანიაა ინვესტორი შავ ზღვაზე საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის პორტის - პროექტში.

2024 წლის 15 აპრილს, - იმ დღეს, როდესაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, - „ქართული ოცნების“ ლიდერები და თანამდებობის პირები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 6 დეკემბერსა და 10 იანვარს - თითქმის ერთი თვის შუალედში - ორჯერ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან. ამასთან:

  • 2024 წლის 20 დეკემბერს, ჩინეთის ელჩს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, - რომლებსაც წინა დღეს, 19 დეკემბერს, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს. გომელაური, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ვიცე-პრემიერად დაინიშნა;
  • 17 დეკემბერს ჩინეთის ელჩს შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. ჩინეთის ელჩმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და „კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „პროირანულობასა“ და „პროჩინურობაზე“ ბრალდებებს „არასერიოზულს“ უწოდებს.

12 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას მან განაცხადა: „იმდენად არაადეკვატური განცხადებები კეთდება, საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილი, რომ ძალიან რთულია სერიოზულად რაიმე კომენტარი გააკეთო ქართველების პროჩინელობაზე, პროირანელობაზე მით უმეტეს და პრორუსობაზე ხომ აღარ არის საუბარი“.

სრულად წაკითხვა