სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

1 day ago 4

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას,  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

„ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ  გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის,  ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ“, – განაცხადა მაღრაძემ.

„საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების  საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას“, – აღნიშნა მან.

მაღრაძის თქმით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა