საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
სუს-მა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ აღნიშნული პირები „გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ერთგულების ფიცის – ,,ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები