საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) უარყო მედიის ინფორმაცია, რომ ისრაელის ქნესეთის წევრების ვიზიტი თბილისში „მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის“ გამო გაუქმდა.
„არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ“, – განაცხადა სუს-მა 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო“.
მანამდე, 12 დეკემბერს, რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ქნესეთის წევრები, რომელთაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში, იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ.
გამოცემის თანახმად, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა.
„ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება“, – განაცხადა სუს-მა. „კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“.
This post is also available in: English

1 week ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·