WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „TV პირველი“ დააჯარიმა საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებული ტერმინების გამო. გადაწყვეტილება დღევანდელ, 13 აგვისტოს სხდომაზე მიიღეს.

მაუწყებელს 5000 ლარის გადახდა მოუწევს.

„საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“, - წერია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​კომისიის წევრები დაეყრდნენ მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ქორიძის მოხსენებით ბარათს, რომელშიც მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის მაგალითებად მოყვანილია საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული ფრაზები. მათ შორის:

  • „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს მიერ ადამიანების ციხეში გაშვებას ქვეყანაში დიდი პროტესტი და პერფორმანსები მოყვა“;
  • „პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოსთან გვიან ღამით დიდი ნადირობა მოაწყო“;
  • „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“;
  • „ჩეჩნური ტიპის რაზმი“;
  • „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“;
  • „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“.

„მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ზემოთ ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას“, - წერდა კონსტანტინე ქორიძე მოხსენებით ბარათში.

მასალა განახლდება