“სხვა კომპანიის პროდუქციით მონაწილეობდა” – რატომ უჩივლეს ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ს

1 week ago 3

ხაშურის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ-მა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელიც შესყიდვაში სხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით მონაწილეობდა.

საუბარია 40 500-ლარიან ტენდერზე, რომელიც ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ გამოაცხადა და ტენდერში შპს  “მალიბუ გრუპს” გაამარჯვებინა. 

აღნიშნულ ტენდერში “მალიბუ გრუპთან” ერთად მონაწილეობდა კიდევ ერთი კომპანია “გამა გ”. სწორედ ამ კომპანიის საჩივარიდან ირკვევა, რომ გამარჯვებულ “მალიბუ გრუპს” ტენდერში სხვა კომპანიის პროდუქცია ჰქონდა წარდგენილი. 

“თუ მწარმოებელ კომპანიად პრეტენდენტს მითითებული აქვს შპს “კლინტექი” და ნიმუშად წარმოდგენილია შპს “ზომა ჯორჯიას” მიერ წარმოებული პროდუქტი, როგორ შეიძლება აღნიშნულ შემთხვევაში წარმოდგენილი ნიმუშები შესაბამისობაში იყოს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამასთან, კომისიას თვითონვე ქონდა კომუნიკაცია შპს “კლინტექთან”, სადაც დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ პროდუქტს შპს “კლინტექი” არ აწარმოებს და პროდუქტი იწარმოება შპს “ზომა ჯორჯიას” მიერ”, – მიუთითებდა საჩივარში შპს “გამა-გ”.

მომჩივანი კომპანია ასევე ამბობდა, რომ მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, აღნიშნული კომპანიები რეალურად წარმოადგენენ ორი სხვადასხვა იურიდიულ პირს, განსხვავებული საიდენთიფიკაციო კოდით. შესაბამისად, კომპანიისთვის გაუგებარი იყო სატენდერო კომისიამ რაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ნიმუშები შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კომპანია დავების საბჭოში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა,  “მალიბუ გრუპისთვის” დისკვალიფიკაციის მინიჭებას და ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. მისი საჩივარი დაკმაყოფილდა.

“დაევალოს ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების – საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სატენდერო კომისიას 2025 წლის 26 თებერვლის სხდომის №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „მალიბო ჯგუფის“ მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშების შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით”, – ნათქვამია დავების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტციის მიხედვით, ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიას  ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა გელაშვილი თავმჯდომარეობდა.

სრულად წაკითხვა