ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.
-ბატონო კოტე, როგორ შეაფასებთ ტრამპისა და პუტინის საუბარს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ორივე მხარემ გაასაჯაროვა და რაც კულუარულად გავრცელდა? ვისთვის იყო უკეთესი ეს შეხვედრა-რუსეთისთვის თუ უკრაინისთვის?
– ამ სატელეფონი საუბარს შეგვიძლია დავარქვათ საუბარი საუბრისთვის, რადგან ორივე მხარემ წინასწარ ძალიან კარგად იცოდა, რომ შედეგზე გათვლილი ეს საუბარი ვერ იქნებოდა და ასეც მოხდა–კონკრეტული შედეგი ვერ დაიდო. უნდა ვნახოთ რა უძღოდა წინ ამ შეხვედრას, წანამძღვარია მთავარი- ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვების განახლება. ეს მოვლენა გაცილებით სახიფათოა ამერიკისთვის და მთელი სამყაროსთვის, ვიდრე რუსეთის საფრთხე. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ვიდრე ტრამპი თეთრ სახლში შევიდოდა, იანვარში, აცხადებდა, რომ მე შევძელი და გავაჩერე ყველაზე საშინელი ომი ახლო აღმოსავლეთშიო. რატომ მოხდა ხელახალი დაბომბვები? იმიტომ, რომ ეს ვითომ დროებითი მშვიდობა ისრაელსა და პალესტინას შორის, ისრაელსა და ჰამასს, ჰეზბოლას შორის, საჩვენებელი და პიარისთვის იყი განკუთვნილი. რეალური, ორმხრივი სურვილი ცეცხლის შეწყვეტისა არ ყოფილა და რაც მთავარია, ამის უკან დგას ირანი და მას არ სურს მშვიდობა. სწორედ ირანის მითითებით არ გაათავისუფლა ჰამასმა ებრაელი მძევლები და ისრაელმა ღაზაზე თავდასხმა განაახლა. იქაც ხელოვნურობა იყო, სამართალი და სიმართლე არ იყო. იგივე ხდება რუსეთ-უკრაინის საკითში, ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებაში. არც აქ არის სიმართლე. რუსეთის მხარესთან ყველა შეხვედრის, სატელეფონო საუბრის შემდეგ გვესმის ამერიკელებისგან, რომ ძალიან კარგი და შედეგიანი საუბარი ჰქონდათ რუსეთთან. რას ნიშნავს კარგი საუბარი? რუსეთი ითხოვს, ნატო-ს გაფართოება შეაჩერეთ აღმოსავლეთით და ჩვენს საზღვრებთანო და რას ნიშნავს ეს? შვედეთი და ფინეთი უნდა გავიდნენ ნატო-დან თუ ბულგარეთი და რუმინეთი? პუტინს თუ სერიოზულად გავშიფრავთ, რას ითხოვს? უკრაინას იარაღის, სადაზვერვო, ფინანსური დახმარება შეუწყვიტეთ, უკრაინამ სამხედრო მობილიზაცია შეწყვიტოს და მე დედა უნდა ვუტიროო. ეს არის კარგი სატელეფონო საუბარი, როგორც ტრამპი ამბობს. ამას სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უიოლცის, თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის კომენტარები არ სჭირდება? თუ პუტინი ამას და კიდევ ბევრს სხვასაც ითხოვს, ეს კარგი საუბარი როგორ არის? არ უნდა ამას მარშალის სკოლის დამთავრება, რომელიც მე სამჯერ მაქვს დამთავრებული, ამის მიხვედრას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული მსოფლმხედველობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში–რუსეთიც თამაშობს და ამერიკაც. ეს საუბარი არაფრის მომტანი არ იყო. რუსეთსა და უკრაინას ურჩევნიათ თურქეთისთანა შუამავალი იპოვნონ, ისევ ანკარაში გამართონ მოლაპარაკებები, ვიდრე პოლიტიკური პოზიციონერობისთვის დრო დაკარგონ. მერე ამ მოლაპარაკების დაწყების წინ, ამერიკამ ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა, სადაზვერვო მონაცემების მიცემა შეუწყვიტა უკრაინას და ამის გამო, კურსკის ოლქში ქალაქი სუჯა დაკარგა უკრაინამ და მათი სამხედროები ალყაში არიან. მოლაპარაკების წინ ტრამპმა გაუუარესა საქმე უკრაინას და ერთი კოზირი მისცა რუსეთს. ეს არ ჯდება დიპლომატიის ფარგლებში, მოლაპარაკებების წესებში, ეს ბინძური პოლიტიკური თამაშია. “გელაპის“ მონაცემებით, ამერიკელთა 81% თვლის, რომ ამერიკელები უნდა ეხმარებოდნენ უკრაინას და ეს 81% ტრამპის და მისი პოლიტიკის წინააღმდეგია. ილონ მასკი ამბობს, უკრაინის გამო, მე მთელ ამერიკას ვეზიზღებიო და ამ დროს მასკს მთავრობისა და ბიუჯეტის კონტროლი აქვს ჩაბარებული. ამერიკელთა ეს ზიზღი ტრამპის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოიწვევს აუცილებლად, ამ ზიზღის ნაწილი მასზეც გადავა, რადგან მასკი მისი ახირებული კადრია. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი ამბობს, სიმფონიური ორკესტრის კონცერზე ვერ წავსულვარო. სადაც წავიდა, ობსტრუქციით დახვდა ხალხი იმ შოუს გამო, რაც მან და ტრამპმა მიუწყეს ზელენსკის თეთრ სახლში, ზელენსკის დამცირების გამო. მხოლოდ 1 თვეა ვიცე-პრეზიდენტია და რა დღეში ჩაიგდო თავი. ვერც პიტ ჰეგსეტის რეიტინგია იმედის მიმცემი. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია მარკო რუბიო, ადეკვატურია სხვებთან შედარებით და მოზომილ კომენტარებს აკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით. რუბიო კუბელია, ემიგრანტების ოჯახში დაბადებული და კარგად იცის რა უბედურება იყო საბჭოთა კავშირი და რა უბედურებაა მისი შემქმნელი, რუსეთის იმპერია. თუმცა, მისი გავლენა ყველაზე დაბალია მინისტრთა კაბინეტში. რუბიო და მასკი კაბინეტის სხდომაზე დაეტაკნენ ერთმანეთს და ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა საქმე.
–ტრამპისა და პუტინის საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ენერგოობიექტების დაცვაზე, მაგრამ მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. ბევრი ვარაუდობს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იგულისხმება, რომლის აფეთქებაც ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, უკრაინას თავისთავად.
–არა, რუსეთს და ამერიკას ეგ საკითხი ნაკლებად ადარდებთ, თუმცა არავის აწყობს ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურის დაბომბვა. აქ იგულისხმება რუსეთის ენერგო ობიექტები. რუსეთი გაზს ვეღარ ყიდის და რასაც ყიდის იაფად, მისი ნედლი ნავთობიც იაფია, ამიტომ მას ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში ამუშავებს და ბენზინს და დიზელის საწვავს ყიდის. უკრაინელებმა ბევრი ასეთი ქარხანა აუფეთქეს რუსებს. ამ მხრივ რუსეთში უკვე კრიტიკული მდგომარეობაა და მოლაპარაკების თემაც ეს იყო, რომ უკრაინამ რუსულ ნავთობგადამუშავებელ ქარხნებზე იერიში აღარ მიიტანოს.ეს შეთანხმება თუ შედგა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის პრობლემაც მოგვარდება.
-ზოგი წინასწარ ზეიმობს, რომ ამერიკამ რუსეთს ევროპა დაუტოვა, არა მარტო აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთიც. ამ გულუბრყვილო ხალხს წრას ეტყვით?
–ამერიკას არავინ ეკითხება ევროპის ბედს. ამაზე ამერიკამ თავად თქვა უარი. ევროპა მეორე მსოფლიო ომის მერე საკუთარ უკანა ეზოდ გადააქცია, დოლარზე დამოკიდებული გახადა და არ მისცა ევროს განვითარების საშუალება, ნატო-ს მთავარი დამფინანსებელი და კონტრიბუტორი იყო და ევროპის უსაფრთხოება საკუთარ თავზე აიღო, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აქვს სამხედრო ბაზები. ტრამპი ევროპას დაუპირისპირდა, რადგან უკრაინის საკითხი, რუსეთის აგრესიის შეჩერება, ევროპისთვის სასიცოცხლო საკითხია. გაჭირვება მაჩვენე, გაქცევას გაჩვენებო, ასე დაემართა ევროპას. აღარ ეხმარება უკრაინას ამერიკა, ევროპულ პროდუქციას მაღალი ტარიფები დაუწესა, სხვა უსიამოვნებებიც იყო.ევროპამ იგრძნო, რომ რუსეთის საფრთხე ძალიან სერიოზულია და შეიარაღებაში, თავდაცვის გაძლიერებაში დაიწყო დიდი ფულის დახარჯვა. გარდა მაგისა, თუ ამერიკა ევროპას ასე შეზღუდავს ვაჭრობაში, ევროპა გაზრდის სავაჭრო სეგმენტს ჩინეთთან, დღეს ამაში ხელს უშლის ამერიკული სანქციები, რომლებიც ჩინეთს აქვს დაკისრებული.თუ ძალიან დიდ კლანჭებს გამოაჩენს ტრამპი ევროპის მიმართ, ჩინეთ–ევროპის მოლაპარაკებები დაიწყება. აი, მანდ დამთავრდება ამერიკის ეკონომიკა. ფული უთავდება ამერიკას, ბიუჯეტში ფული არ არის. წელს, რესპუბლიკელმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა, შაკ შუმერმა , შათ დაუნს ძლივს გადაარჩინა ამერიკა, 24 საათიღა იყო დარჩენილი ბიუჯეტის დამტკიცებამდე და მთავრობის მუშაობის შეჩერებამდე. მოახერხა შუმერმა და ძლივს გაატანაკონგრესმა ბიუჯეტი. ამერიკის ბიუჯეტში ფული არ არის, 19 ტრილიონი შიდა ვალი აქვს. ეს „იუსაიდი“ და სხვა ორგანიზაციები პროფიციტიდან ფინანსდებოდა, ბიუჯეტის ზედმეტი ფულიდან. თან, საზღვარგარეთ იმიტომ გადიოდა ეს ფული,რომ შიდა ბაზარზე ჭარბ ფულს ინფლაცია არ გამოეწვია. ეს ორგანიზაციები კი ამერიკის საყრდენი იყო მთელ მსოფლიოში და მის ჰეგემონობას განამტკიცებდა. ეს დაიწყო რონალდ რეიგანის დროს, მისი ცნობილი „რეიგანომიკის“ პერიოდში. დღეს უცხოეთში ხარჯავს კი არა, ფული აღარ აქვს ამერიკას, თან არც ამის აღიარებაც არ უნდათ. ფაქტობრივად, დღეს ევროპის ტრანსფორმაცია მიდის, ევროპა მიხედავს თავის თავს. ბევრს არც ის ეგონა, რომ ევროპა რუსულ გაზსს თავს დააღწევდა, მაგრამ მოინდომეს და დააღწიეს, უნგრეთისა, სერბეთისა და სლოვაკეთის გარდა,რომლებიც რუსეთის მეგობარი ქვეყნები არიან, სხვები აღარ მოიხმარენ რუსულ გაზს. აგერ, კანადის ახალმა პრემიერმა, მარკ კარნიმ განაცხადა, არაევროპული ქვეყნებიდან ყველაზე ევროპული კანადააო. პირველი ვიზიტიც კარნის ბრიუსელში ჰქონდა და არა ვაშინგტონში, წინამორბედებისგან განსხვავებით. კანადა არ გახდება ამერიკის შტატი, რაც ტრამპის მორიგი ახირებაა, მაგრამ გახდება ევროკავშირის პარტნიორი. ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი. ამ ქვეყანამ უზამაზარი ფული გააკეთა ნავთობის გაყიდვით,რაც რუსეთი დაასანქცირეს. 6 მილიონიან ქვეყანას 2 ტრილიონი ევროს სახელმწიფო განუყოფელი ფონდი აქვს, რომელიც ბიუჯეტში არ შედის. ახლა ნორვეგია იძახის, უკრაინას დავაფინანსებო. გერმანიის ახლადარჩეულმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, ერთ მილიარდამდე გავზრდი უკრაინის დახმარებასო. ევროკავშირი 500 მილიარდის გამოყოფას აპირებს თავდაცვის გაძლიერებისთვის და აქედან, სერიოზული ფინანსური დახმარება გაეწევა უკრაინას. თავდაცვის მინისტრის პოსტი შემოიღო ევროკავშირმა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, რამშტაინში უკრაინის მხარდასაჭერად რომ იკრიბებოდნენ ქვეყნები, ყველა ისევ მზად არის მის დასახმარებლად, ფული იქნება თუ იარაღი. აქვე იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია არ მინდა გამომრჩეს, ისიც კვლავ მზად არის უკრაინის დასახმარებლად. ნეიტრალური შვეიცარიაც კი ეხმარება. ჰო,ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი თავისი ერთ მილიონიანი არმიით ევროპის უსაფრთხოების სადარაჯოზეა. ევროპის ამ სწრაფვამ მილიტარიზაციისკენ იცით, რა გამოიწვია? სამხრეთ კორეის იარაღის მწარმოებელი კომპანიების აქციები 130%-ით გაიზარდა, რადგან ევროპის ქვეყნები ყველა სახის იარაღს არ აწარმოებენ, ან მათსას სხვისი სჯობს და სამხრეთ კორეაში კარგად იციან, რომ ის ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, რომლისგანაც ევროპელები იარაღს შეიძენენ. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან გვჭირდება. ცხადია, ამერიკასთანაც, მაგრამ ევროკავშირის ლიდერები ევროპის უსაფრთხოებაზე როდესაც ლაპარაკობენ, საქართველოსაც მოიაზრებენ.
-ბატონო კოტე, ჩვენს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროში შეხვდა ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი. „ქართული ოცნების“ სპიკერები აცხადებენ, რომ ეს იყო ამერიკის მხრიდან მათი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და აღიარება. ამან რა გამახსენა, იცით? „პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის თავმჯდომარეს“, იასირ არაფატს სხვა და სხვა ქვეყნების ლიდერები ხვდებოდნენ და არაფატი გაეროშიც კი მიიწვიეს, ეს მაშინ, როდესაც ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ცივილიზებული ქვეყნების მიერ. დღემდე პალესტინა სახელმწიფოდ არავის უღიარებია. შეხვედრებზე თუ მიდგა საქმე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯონ მეიჯორი,ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი, ინგლისის ლორდთა პალატის წევრები ჩრდილოეთ ირლანდიელ ტერორისტებს, „ირას“ ლიდერებს და დამფინანსებლებს ხვდებოდნენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა ამას.
– ეს შეხვედრა, ცხადია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით შედგა. რა აღიარებაზეა ლაპარაკი, ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის არ მიულოცია ამერიკის ხელისუფლებას არჩევა და არც „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება. ელჩი და მინისტრი გაბუტული ბავშვებივით ისხდნენ სავარძელში, ერთი იქით იყურეებოდა, მეორე– აქეთ. ეს რა სანახაობა იყო? როგორი სახით უყუერებდა დანიგანი ბოჭირიშვილს? უბღვერდა. ეს კლასიკაა, დიპლომატიაში დაწესებული პროტოკოლი, როდესაც ამ დონის შეხვედრაზე ფოტოს იღებენ, ეს ხდება ხელის ჩამორთმევის დროსაც და ორივე მხარე უნდა იღიმებოდეს. მერე, კარებს რომ მოიხურავენ, რამდენიც უნდა იჩხუბონ. ნახეთ, რა სწერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში ამ შეხვედრის შესახებ: ელჩმა დანიგანმა ბოჭორიშვილს „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“. გესმით, ე.ი. აქამდე ამერიკასთან ურთიერთობაში არასერიოზული დამოკიდებულება გქონდათ და ველოდებით, რომ დასერიოზულდებით და ურთიერთობას გააუმჯობესებთო. მეტი უკმეხობაც აღარ ვარგა დილპომატიაში. ამას ეძახის „ქართული ოცნება“ წარმატებულ შეხვედრას? არა, აქ წარმატებული ვერაფერი დავინახე. ამ ეტაპზე ამერიკასთან საუბარი საქართველოს არანაირ პერსპექტივას არ მოუტანს, ახლა საჭიროა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა-გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან… ბრიტანეთია დღეს ევროპის ლიდერი ქვეყანა, ბირთვული სახელმწიფო. პირდაპირ არის მიბმული აზერბაიჯანის, თურქეთის თემაზე. რასაც ბრიტანეთი ეტყვის, ისე მოიქცევა თურქეთი. ასე იყო ორივე მსოფლიო ომის დროს და დღესაც ასეა. რამშტაინში პირველ შეხვედრას ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უხელმძღვანელა, ანტირუსული კოალიციის ლიდერი ქვეყნის, ამერიკის წარმომადგენელმა, ბოლო შეხვედრას კი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი,ჯონ ჰილი უძღვებოდა. დიდი ბრიტანეთია ევროპისა და ანტირუსული კოალიციის ლიდერი. საქართველოს მომავალი და უსაფრთხოება ევროპასთან კავშირში და უკრაინის გამარჯვებაშია, სხვაგვარად რუსეთის ლუკმა გავხდებით დაგანვითარების ყველა შანსს დავკარგავთ.