წაკითხვა: 1
„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი.” განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 დეკემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
“ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.
„საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს.
რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს