ტაჯიკეთში ვიზიტისას 11 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი – კობახიძე

2 hours ago 3

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტაჯიკეთში ვიზიტისას 11 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

მისი თქმით, შემდეგი ვიზიტი ყაზახეთში ექნბა, ივლისში კი საქართველოში უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ჩამოდიან.

„სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპეტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში.

ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა