თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზაცია განხორციელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო თანამშრომლების ნაწილს შენობის დატოვება გაუჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ქვედა სართულებზე გაჩნდა, კვამლი კი ზედა სართულებზეც გავრცელდა, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის სოფო ვარდიაშვილის თქმით, შენობაში, კერძოდ კი ახალი ამბების რედაქციაში, არხის 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ მაშველებმა მათ რედაქციაში დარჩენა ურჩიეს, რადგან ის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო.
მანამდე, ტელეკომპანიის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა სოციალურ ქსელში შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო არხის თანამშრომლების ნაწილს შენობის დატოვება არ შეეძლო.
მოგვიანებით, „ფორმულას“ ყველა თანამშრომელი შენობიდან გაიყვანეს. ამ დროისთთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
This post is also available in:
civil ახალი ამბები