კომუნიკაციების კომისიამ ორი სახელისუფლებო ტელეკომპანია, „იმედი“ და „რუსთავი 2“, თითოეული 2 500 ლარით დააჯარიმა. ეს პირველი ფინანსური სანქციებია ამ არხების მიმართ 2025 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებებით კომისიის მანდატი გაფართოვდა და მას მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის უფლებამოსილება მიენიჭა.
მანამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ორივე მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული.
კომუნიკაციების კომისიას თავის განცხადებაში გადაწყვეტილებების დეტალები არ დაუკონკრეტებია. თუმცა, მედიაპლატფორმა „მედია ჩეკერმა“ განაცხადა, რომ ორივე გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას უკავშირდება. აღნიშნული პუნქტი „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ მოთხოვნებს განსაზღვრავს. დარღვევები, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, თუ როგორ გააშუქეს აღნიშნულმა არხებმა ევროკავშირთან და ოპოზიციასთან დაკავშირებული საკითხები.
„მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, 12-14 ოქტომბერს გასული ახალი ამბების პროგრამები შეამოწმა და გამოავლინა, რომ ტელეკომპანიამ ახალი ამბები „პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების“ საფუძველზე გააშუქა.
„მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლის მიერ მოყვანილ მაგალითებს შორის იყო „იმედის“ წამყვანის კომენტარი, რომელშიც ის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებდა: „პოლიტიკურ სცენაზე გადანაცვლებით ევროკავშირის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს, მის შემთხვევაში საქმე რეციდიული ხასიათის დარღვევასთან გვაქვს, თუმცა პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია“.
„პრობლემა დიპლომატისგან ცეკვით გამოხატულ პოლიტიკურ განაცხადშია. პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ამჯერად ევროპის დღეების ფარგლებში დააფიქსირა, როცა კახეთში ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის ის ჯგუფი შეარჩია, რომელიც სცენიდან უკვე წლებია საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს აგინებს“, – აღნიშნა იმავე წამყვანმა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ მოყვანილი სხვა მაგალითები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციის გაშუქებას უკავშირდებოდა. მათ შორის იყო მოსაზრებები, რომ „ქართული ოპოზიცია უკვე წლებია იმედით სწორედ გარე აქტორებს შეჰყურებს და შველასაც მათგან ელის, თავად კი მთავარ საქმედ მცირერიცხოვანი ელექტორატის ილუზიებში ყოფნა აქციეს“.
„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მედიის რეგულირების დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა 12-14 ოქტომბერს გასული საინფორმაციო გადაცემები და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა გამოავლინა.
„მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, დარღვევის მაგალითებად დასახელებულ წამყვანის მიერ ნათქვამ ფრაზებს შორისაა: „„დიალოგის ჩაკეტვით ბრიუსელი არა მხოლოდ ბერკეტს კარგავს, არამედ მისი გავლენებიც დასუსტებულია რეგიონში“, „კლასტერების გახსნაზე მეტად ევროპას საკუთარ კონტინენტზე სხვა ბევრად დიდი გამოწვევები აქვს დასაძლევი“, „მუდამ საგარეო წნეხზე დამოკიდებული ოპოზიცია“, „კრიტიკა სახის შენარჩუნებისთვის“, „ევროკავშირი საკუთარი რიტორიკის მძევალია“, „საქართველო პარადოქსშია, ევროკავშირი კი საკუთარ ხაფანგში“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები