„განცხადება ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“, - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
„გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის პატივს სცემს:
„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა შეარყიოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული კავშირები.
ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის სომხური ეკლესიის დამახასითებელი მიდგომების გამეორება ან მისი გზის მიყოლა“.
განცხადება სრულდება სიტყვებით, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საპატრიარქოს - პრესსამსახურის ცნობით, ამ განცხადებას ჯერ [17:25 სთ] არ გასცნობიან.
24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ შეშფთება გამოხატა და შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო. ეს ტერიტორია განცხადებაში მოხსენიებული იყო „ისტორიულ ჰერეთად“.
„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - ეწერა განცხადებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები