„ტვ პირველის“ მფლობელმა და მოქმედმა დირექტორმა ვატო წერეთელმა ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებები დააანონსა. მან განაცხადა, რომ შეიქმნა საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, ხოლო არხის ახალ დირექტორად ლევან ჯორბენაძე დაასახელა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
წერეთელმა აღნიშნა, რომ თავად უხელმძღვანელებს ახლად შექმნილ საბჭოს, რომლის მიზანიც „მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობაა“. მისი თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს „ტვ პირველის“ გადაყვანას „თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე“ და „ახალი მედიასტანდარტის დანერგვას“
წერეთელმა განაცხადა, რომ საბჭო აერთიანებს „მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს – ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიასა და თამარ ჯინჭარაძეს“.
„ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ ტვ პირველში ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში“, – აღნიშნა მან. საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე მან დირექტორობის ახალი კანდიდატი ლევან ჯორბენაძე წარადგინა, რომელიც „ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება“.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და წამყვანი ინგა გრიგოლია მიესალმა ჯორბენაძის დანიშვნას და აღნიშნა, რომ ის არის „ადამიანი, რომელთანაც წლების განმავლობაში გვქონია ურთიერთობა ჩემი თაობის ჟურნალისტებს და ცოტა უფრო ახალგაზრდებს იმიტომ, რომ თავად მუშაობდა თავისუფალ მედიაში და თავაც იცის გადასარევად თავისუფალი სიტყვის ფასი და მნიშვნელობა“.
მედიაპლატფორმა „მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, ჯორბენაძე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ეს თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები