„ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გიორგი ლალიაშვილი (ბუბუკა) გამოიკითხა

1 week ago 8

„ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე, გიორგი ლალიაშვილი გამოიკითხა.

საგამოძიებო სამსახურში ასევე დაბარებულია ლუკა თოფურიძე, რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ზუკა ძნელაძე, გიორგი კორძაია, გიორგი ლალიაშვილი (ბუბუკა) და ლუკა თოფურიძე მონაწილეობდნენმ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

„2024 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ.“, — ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, მ. ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან, გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები. ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.

დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.

7 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. მათ არაერთი დაზიანება აქვთ მიღებული მათ შორის თავის არეში.

ტვ პირველის ჟურნალისტებს “ტიტუშკები” თავს დაესხნენ

სრულად წაკითხვა