"ტვ პირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზირებულები.
როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, - ამბობს კლინიკის ექიმი.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. როგორც მაკა ჩიხლაძე ყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".