ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

1 week ago 16

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, კერძოდ კი ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილეებზე ტერორის მცდელობას.

ამის შესახებ ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს.

“დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ. მაგრამ გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე უნდა იდგეს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. Quo vadis (ლათ. საით მიდიხარ), საქართველო?”, – წერს ტოივო კლაარი.

Today should be cause for celebration. Yet my heart aches. Our relationship is supposed to be based on shared values and on support for a strong civil society where lists of “enemies of the people” and anonymous phone calls have no place. Quo vadis, Georgia? pic.twitter.com/rGYsmWKaEj

— Toivo Klaar (@ToivoKlaar) May 9, 2024


„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.

ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ხელისუფლების შემხვედრი მოქმედებები საზოგადოების მიმართ გასცდა საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის მისაღებად შესაბამისი პროცედურების დაჟინებულ მიყოლას.

კვირების მანძილზე ქუჩებში გამოსული ათი ათასობით ადამიანის საპირწონედ, ხელისუფლებამ 29 აპრილს მოაწყო კონტრაქცია, სადაც მთელი საქართველოდან მოახდინა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება.

“ქართულმა ოცნებამ” დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.

8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმის ფაქტები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

9 მაისს დილით შსს-მ განაცხადა, რომ აქციებზე 6 პირი დააკავა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუმცა უწყებას სიტყვა არ უთქვამს წინა ღამით ნაცემი ადამიანების შესახებ, რასაც წინ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები უძღოდა.

სრულად წაკითხვა