3 სექტემბერს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მასპინძლობისას, მან მედიის შეკითხვებს უპასუხა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ განაცხადა:
"მეგონა, ის შვიდი ომი უფრო რთული იყო, ვიდრე უკრაინა-რუსეთის. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. მეგონა, ბევრად ადვილი იქნებოდა, მეგონა, ერთ-ერთი ყველაზე ადვილი იქნებოდა. ზოგჯერ არ იცი ომის ამბავი. ომი ძალიან საინტერესო რამ არის. არასდროს იცი. ომი რთულია, სახიფათოა და სისხლიანი არეულობაა. ის დასრულდება ასე ან ისე, მაგრამ მათ უნდა შეწყვიტონ კვლა...".
აშშ-ის პრეზიდენტი გამოსავლის პოვნის იმედს არ კარგავს და თავისებურად აღწერს ომის მიმდინარეობას:
"ვფიქრობ, გვექნება კარგი გადაწყვეტა... მაგრამ ისინი იმდენ ჯარისკაცს კარგავენ, არავის რომ არ დაუკარგავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ყველაზე ცუდი კონფლიქტი. ის გრძელდება და გრძელდება. ერთის თავდაცვა, მეორის თავდასხმა. ეს თავდასხმა სულ ცოტათი მიიწევს წინ. რომ ნახოთ, ინჩებით მიიწევენ. ყრიან ბომბებს და ყველას ხოცავენ…"
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას შეახსენა პუტინისთვის დაწესებული ორკვირიანი ვადის შესახებ. ეს ვადა ზელენსკისთან შეხვედრას უკავშირდებოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მომდევნო დღეებში პუტინთან საუბარს გეგმავს:
"ჩვენ მალე გვექნება ძალიან კარგი საუბარი და საკმაოდ ბევრი მეცოდინება, რის გაკეთებას ვაპირებთ. იცით, რომ ძალიან ძლიერად ვიმოქმედეთ… მომდევნო დღეებში დაველაპარაკები მას და ვნახოთ. მეცოდინება რა ხდება".
პუტინზე მას არაერთი შეკითხვა დაუსვეს და ერთ-ერთი რუსეთის პრეზიდენტისთვის გზავნილს შეეხებოდა. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინმა იცის მისი პოზიცია:
"მე არ მაქვს გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის. მან იცის ჩემი პოზიცია და მე მივიღებ გადაწყვეტილებას ასე ან ისე. იქნება ის ამით ბედნიერი თუ არ იქნება, ნახავთ რაც მოხდება".
აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა ჩინეთში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებზეც. მისი აზრით, ჩინეთის ლიდერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე გამოსვლისას უნდა ეხსენებინა აშშ, რადგან ამერიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში.
შეკითხვას - დარჩებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები პოლონეთში, დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა და იქვე დააზუსტა:
„მეტს შევიყვანთ, თუ მათ სურთ“.
დონადლ ტრამპმა ხაზი გაუსვა პოლონეთთან განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას:
"ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჯარისკაცებზე რომ მკითხეთ, არც გვიფიქრია პოლონეთიდან ჯარისკაცების გამოყვანა. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ პოლონეთს დავეხმარებით, რომ თავი დაიცვას".
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კი აღნიშნა, რომ პოლონელები პირველად არიან ბედნიერები საკუთარ მიწაზე უცხოელი ჯარისკაცების ყოფნით:
"რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ჩვენს ურთიერთობაში.
მე ისტორიკოსი ვარ და პირველად ხდება მე-20 და 21-ე საუკუნეებში, რომ პოლონელები ბედნიერები არიან პოლონეთში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნით. ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. დღესდღეობით თითქმის 10 ათასი ჯარისკაცია და ეს არის სიგნალი მსოფლიოსთვის და რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ჩვენ ვართ ერთად. თუმცა „უბილეთო მგზავრები“ არ ვართ ევროპასა და ნატოში. ბატონმა პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ ჩვენმა სამხედრო ხარჯებმა მშპ-ს 4,5%-ს მიაღწია და შესაძლოა, ერთადერთი ევროპული სახელმწიფო ვართ, რომლის სამხედრო ხარჯიც ასეთ დონეზეა და ჩვენ არ გავჩერდებით. ვაპირებთ მივაღწიოთ მშპ-ს 5%-იან ნიშნულს სამხედრო ხარჯებში. ჩვენს მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნით კი ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვართ".
3 სექტემბერს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობაზე შეკითხვა დაუსვეს, რაზეც მან ვრცელი პასუხი გასცა ზელენსკის პრეზიდენტობაზე კითხვის ნიშნებით, უკრაინის კონსტიტუციის მოშველიებითა და ა.შ., თუმცა საბოლოოდ თქვა, რომ არ გამორიცხავს ასეთი შეხვედრის შესაძლებლობას და ადგილად მოსკოვი დაასახელა. პუტინმა გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობაზე აშშ-ის პრეზიდენტს დადებითად უპასუხა:
"სხვათა შორის, დონალდმა მთხოვა, თუ შესაძლებელია ასეთი შეხვედრის გამართვაო. მე ვუთხარი: დიახ, ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუკი ზელენსკი მზად არის, მაშინ ჩამოვიდეს მოსკოვში - ასეთი შეხვედრა შედგება".
პეკინში გამართული პრესკონფერენციის ერთ-ერთ მონაკვეთში პუტინის ეს განცხადებაც კონკრეტულად ტრამპის საყურადღებოდ იყო ნათქვამი:
"ასე მგონია, თუ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს, ამ კონფლიქტის შეწყვეტის მისაღებ ვარიანტზე მოლაპარაკება შეიძლება. მე აქედან გამოვდივარ.
მით უმეტეს, რომ ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის განწყობას. ვხედავთ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს, არამედ გულწრფელ სურვილს ამ გამოსავლის მოძებნის. მგონია, რომ არის გარკვეული სინათლე გვირაბის ბოლოს. ვნახოთ, როგორ დალაგდება ვითარება. თუ არა, მაშინ მოგვიწევს ჩვენ წინაშე არსებული ყველა ამოცანის იარაღის გზით გადაწყვეტა".