ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დისკუსიები კარგად მიმდინარეობს. ტრამპმა ეს 2 თებერვალს, გვიან ღამით ჟურნალისტებს უთხრა რაიმე დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კით კელოგმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარეს დათმობები მოუწევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობას.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულება პრიორიტეტია. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა, გეგმა არ წარმოუდგენია. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.