ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს დათანხმდეს პუტინთან შეხვედრას. ზელენსკი ამბობს რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირადად დაელოდება პუტინს სტამბოლში

15 hours ago 5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა სადაც ნათქვამია: „რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს, შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას, დაუყოვნებლივ. მინიმუმ, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ჩაატარეთ შეხვედრა, ახლავე!!!” –წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე.

თავის მხრივ ზელენსკიმ რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას თურქეთში პუტინს პირადად დაელოდება.

„ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებმა, მათ შრის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პუტინს მოუწოდეს, მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის უპირობო შეწყვეტა გამოაცხადოს. “მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს” - თქვა მაკრონმა.

სრულად წაკითხვა