ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.
ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. ამასთან, დონალდ ტრამპმა დაზუსტა, რომ შეწყალება არ შეეხება „რადიკალებს” და „შეშლილებს”.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებითვე, ციხეში უნდა გაუშვან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი წევრი, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
NBC News-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულია სულ მცირე 1572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა(მაქსიმალური სასჯელი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა).
78 წლის დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
- მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.