ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

4 hours ago 19

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ გეგმას გამოაცხადებს, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდებასაც მოიცავს.

ბოლო დღეებში ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნას გეგმავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, ტრამპი უკრაინისთვის დამატებით Patriot-ების მიწოდებას განიხილავდა.

Axios-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ ახალი გეგმა, სავარაუდოდ, შორი რადიუსის რაკეტებსაც მოიცავს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეიძლება იერიშების მიტანა, მათ შორის მოსკოვზეც. თუმცა, გამოცემა წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ წყაროებს ცნობა არ ჰქონდათ.

ამას გარდა, გამოცემას სენატორმა ლინდსი გრემმა განუცხადა, რომ “ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პუტინზე. ხვალ მისი განცხადება ძალზე აგრესიული იქნება.”

Axios-ის ინფორმაციით, ახალ ინიციატივას ტრამპსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შორის გამართულ შეხვედრაზე წარადგენენ და ის გულისხმობს ევროპული ქვეყნების მხრიდან იმ ამერიკული შეიარაღების საფასურის გადახდას, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს NATO-ს სამიტზე წარუდგინა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა.

ცნობისთვის, 4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან “ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი” საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი “საუკეთესო იყო” იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.

ზელენსკი: ტრამპთან შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე
ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ “ძალიან იმედგაცრუებული” იყო, რადგან მასთან “საერთოდ არანაირი პროგრესი” არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე: დღეს პუტინთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია
ტრამპმა პუტინის მისამართით კრიტიკული განცხადებები 8 ივლისსაც გააკეთა, როცა მან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას “პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას” აყრის, რაც საბოლოო ჯამში უშინაარსო “გამოდგება ხოლმე”.

“პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე” – თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას.

სრულად წაკითხვა