ჰარვარდის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დავა მოუგო ბოსტონის სასამართლოში. მოსამართლემ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ორ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გრანტი გაუყინოს პრესტიჟულ უნივერსიტეტს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ფედერალური დაფინანსება უნდა აღუდგეს.
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტის დაფინანსება 2025 წლის გაზაფხულზე დაბლოკა იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტი ანტისემიტიზმს სათანადოდ არ ებრძვის. ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის, სტუდენტებისა და თანამშრომლების შეხედულებების კვლევა, რაზეც უმაღლესი სასწავლებელი არ დათანხმდა და მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
2025 წლის აპრილის ბოლოს ჰარვარდმა ორი კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა უნივერსიტეტის კამპუსში ანტისემიტური და ანტიისლამური განწყობების შესახებ. ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელი რეფორმები თავად უნივერსიტეტმა უნდა ჩაატაროს, გარედან ზეწოლის გარეშე.
3 სექტემბერს ბოსტონის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ელისონ ბეროუზმა (Allison Burroughs, მოსამართლედ დაინიშნა 2014 წელს ბარაკ ობამას მიერ) გადაწყვიტა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერებას არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ ანტისემიტიზმთან, მან გააკრიტიკა დაფინანსების დაბლოკვა და ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მოსამართლემ დაიცვა ჰარვარდის უფლება, რომელიც კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გარანტირებული – ეს შესწორება უზრუნველყოფს აკადემიური დაწესებულებების თავისუფლებას ხელისუფლების თვითნებობისგან.
ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს შეეძლო უკეთ გამკლავებოდა ანტისემიტიზმის პრობლემას, რომელმაც ბოლო წლებში იჩინა თავი.
ასევე, დაგაინტერესებთ:
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბოსტონის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნანა ძნელაძე