შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, ამერიკამ საკუთარ თავზე აიღოს კონტროლი ომით განადგურებულ ღაზის სექტორზე და ის "ახლო აღმოსავლეთის რივიერად აქციოს".
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობას და დასძინა, რომ მის საფუძველზე ადამიანებს საშუალება უნდა მიეცეთ "ლამაზ სახლებში" ბედნიერად, სროლის და მოკვლის შიშის გარეშე დასახლდნენ. მანამდე ტრამპმა თქვა, რომ აიძულებდა პალესტინელებს მეზობელ იორდანიასა და ეგვიპტეში გადასულიყვნენ.
ღაზაზე განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა 4 თებერვლის საღამოს გააკეთა, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართა ისრაელელ კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ”შეერთებული შტატები გადაიბარებს ღაზის სექტორს და შეასრულებს ამასთან დაკავშირებულ სამუშაოებსაც", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ვისაც ამაზე ვესაუბრე, ყველას მოეწონა ის იდეა, რომ შეერთებული შტატები ფლობდეს მიწის ამ მონაკვეთს, განავითაროს ის, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, მომაჯადოებელი, ნამდვილად მომაჯადოებელი ტერიტორია", - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საპასუხო ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ "ჰამასი" ისრაელისთვის აღარასოდეს იყოს საფრთხე. მაგრამ, ტრამპი ამ საკითხს "ბევრად უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანს", - განაცხადა მან და დასძინა: ”ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რასაც ისტორიის შეცვლა შეიძლება და ნამდვილად ღირს ამ პერსპექტივის მიმართულებით მუშაობა".
პრეზიდენტ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ გეგმავს ის ღაზის სექტორის გაკონტროლებას, რომელიც 15-თვიანი ომის შემდეგ თითქმის სრულად განადგურებულია. ამერიკის ლიდერმა იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაგზავნაც კი არ გამორიცხა. "თუ საჭიროა, ასე მოვიქცევით. გადავიბარებთ ტერიტორიას და განვავითარებთ მას", - განაცხადა ტრამპმა.
გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში ახლა დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კონფლიქტი იქ 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ამერიკის მიერ ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული „ჰამასი“ ღაზიდან ისრაელში შეიჭრა, 1200 ადამიანი მოკლა და 250 მძევალი, მეტწილად ქალები და ბავშვები გაიტაცა. ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში დაწყებულმა საპასუხო ომმა, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, 47 ათასზე მეტი პალესტინელი შეიწირა. ღაზის სექტორში არ აკონკრეტებენ, რამდენია აქედან მშვიდობიანი მოსახლეობა და რამდენი - "ჰამასის" მეომრები.
პრეზიდენტ ტრამპის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, პალესტინელთა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მსგავსი რამ "საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა" იქნებოდა. კრიტიკა გაისმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც, რომელიც ამბობს, რომ ღაზის სექტორი ისე უნდა აღდგეს, რომ იქიდან "პალესტინელთა გაყვანა საჭირო არ იყოს".
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ არ დაამყარებს ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას, ვიდრე პალესტინელთა სახელმწიფო არ შეიქმნება და რომ მის ამ პოზიციაზე მოლაპარაკება შესაძლებელია. ჩინეთი, ავსტრალია, თურქეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ კვლავ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების იდეას ემხრობიან.