ტრამპის თქმით, შესაძლოა თურქეთში თავადაც გაემგზავროს მოლაპარაკებებისთვის

5 hours ago 4

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის არ გამორიცხავს, თავადაც გაემგზავროს თურქეთში, - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებებისათვის.

„ვფიქრობდი [თურქეთში] გადაფრენას. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ [შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ]“, - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.

11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს(15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.

მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.


მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, პუტინს მოუწოდა, მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის უპირობო შეწყვეტა გამოაცხადოს.

ამის მიუხედავად, რუსეთი უგულებელყოფს 30-დღიანი ზავის წინადადებას.

სრულად წაკითხვა